ოქტომბერში თბილისი მოლის შენობაში ციფრული ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა, რომელიც ქართველ დამთვალიერებელს მოგზაურობის საშუალებას აძლევს სივრცეში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის.

მუზეუმს ჰყავს პატარა ვიზიტორებიც, რომლებისთვისაც სივრცეს გართობის გარდა, შემეცნებითი ღირებულებაც აქვს. თუმცა ფეისბუქგვერდზე ადმინისტრატორის მიერ გამოქვეყნებული წესებისა და კომენტარების ფორმა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მუზეუმში ყველა ბავშვისთვის მეგობრული გარემო არაა.

"სივრცეში მკაცრად აკრძალულია სირბილი, ყვირილი, მობილურზე საუბარი, სხვა ვიზიტორების შემაწუხებელი ქცევა, კედლებზე და სარკეებზე შეხება. ეს გახდება თქვენი სივრციდან ანაზღაურების გარეშე გაძევების უპირობი მიზეზი!" — წერია პოსტში.

ამავე პოსტზე კომპანია აზუსტებს:

"2 ტიპის ბავშვები არსებობენ, უზრდელები და ზრდილობიანები. თუ ვერ/არ უხსნით, ან ვერ იმორჩილებთ, ძალიან გთხოვთ, ნუ მობრძანდებით... თქვენი ვიზიტი სხვებისთვის დისკომფორტის მიზეზი ხდება და ჩვენს რეპუტაციაზე უარყოფითად ისახება... ჩვენთვის დამატებით 10 ლარზე მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდება".

მუზეუმის სახელით გაკეთებული ერთ-ერთი კომენტარის მიხედვით კი ვიზიტორებისთვის არასასურველი გარემო იქმნება, თუ ბავშვი ეფარება ვიზუალიზაციას და ხელს უშლის მას ხელოვნების ნიმუშის აღქმაში.

ბავშვები, შეიძლება, მშობლისგან დამოუკიდებლად, სიარულის დროს გაიქცნენ, ან ხელით შეეხონ სარკეს, ან ხმამაღლა ისაუბრონ.

მუზეუმს ასევე "დაგულებული" აქვს კომენტარი, რომელშიც ვკითხულობთ:

"დაუმორჩილებელი ბავშვი მშობელმა მუზეუმში არ უნდა მოიყვანოს. ჯერ შეგნება აუმაღლოს და მერე აზიაროს ხელოვნებას".

დირექტორის მოსაზრება

On.ge მუზეუმის დირექტორს, თამარ მიქაშავიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, იზიარებდა თუ არა მუზეუმის მიერ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარებს, რომლითაც იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბავშვს, რომელსაც ქცევითი დარღვევა აქვს, "დაუმორჩილებელი ბავშვი" ჰქვია და არის თუ არა მუზეუმის კარები ღია, მაგალითად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვისთვის.

დირექტორის სიტყვებით, ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტი და კომენტარი გვერდის ადმინისტრატორს ეკუთვნოდა და აღნიშნა, რომ მუზეუმს შშმ პირებიც სტუმრობენ:

"ჩვენ ძალიან ბევრი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი გვყოლია და აქ რომ შემოდიან, იმათზე წყნარად არავინ იქცევა. ბევრად ლოიალურები ვართ ჩვენ ბავშვების მიმართ. ძალიან ბევრი ბავშვი გვსტუმრობს და ყველას ძალიან ფრთხილად ვექცევით. უბრალოდ, ვთხოვთ მათ მშობლებს, რომ თუ დარბის ბავშვი, მიაქციოს ყურადღება, ისევ თავიანთი უსაფრთხოებიდან გამომდინარე... ყველა ბავშვი დარბის ჩვენთან, ზოგი ძალიან სწრაფად დარბის და სივრცის აღქმა ბავშვს ბევრად ნაკლები აქვს, ვიდრე უფროსს. ეს არის და ეს ჩვენი თხოვნა. არავის არაფერს არ ვუკრძალავთ. ყველას შეუძლია მოვიდეს, როდესაც უნდათ".

On.ge-მ მიქაშავიძეს ჰკითხა, რას მოიმოქმედებს მუზეუმი, თუ ადგილზე მისულ ბავშვს ქცევით დარღვევას შენიშნავს, რადგან ერთ-ერთი კომენტარის მიხედვით, მუზეუმში წესების დარღვევის შემთხვევაში ვიზიტორს მოსთხოვენ სივრცის დატოვებას, აანთებენ შუქს, მივა გიდი ან დაცვის თანამშრომელი და "გააძევებს".

"ქცევითი დარღვევები თუ აქვთ ბავშვებს, არანაირ ზომებს არ მივმართავთ, ეგეთი ბავშვები ჩვენ ძალიან ბევრი გვყავს. ვითვალისწინებთ მათ ჯანმრთელობის პრობლემებს [გულისხმობს მათ განსხვავებულობას]", — გვიპასუხა მიქაშავიძემ.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა კომენტარების შინაარსი და სიტყვა "გაძევება" შეურაცხმყოფელი, დირექტორმა გვიპასუხა:

"ვიღაცამ შეიძლება შეურაცხმყოფლად აღიქვას ეს კომენტარები. არ ვიცი, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს, ჩვენ შესვლისთანავე ვაფრთხილებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ ჩვენს წესებს".

დირექტორთან კომუნიკაციიდან მეორე დღეს ეს კომენტარები მუზეუმის ფეისბუქზე აღარ იძებნება.

საათები ბავშვებისთვის

კომპანიამ ნოემბერში ფეისბუქგამოკითხვა ჩაატარა და აუდიტორიას ჰკითხა, სურდათ თუ არა, რომ ბავშვებისთვის მუზეუმში მისვლის დრო შეზღუდულიყო.

როგორც On.ge-ს მუზეუმის დირექტორმა, თამარ მიქაშავიძემ უთხრა, გამოკითხვის შემდეგ 12 წლამდე ვიზიტორებს კვირაში 5 დღე 7-დან 9 საათამდე მუზეუმში მისვლა შეეზღუდათ.

თამარ მიქაშავიძე ამბობს, რომ საახალწლო პერიოდში შეზღუდვა მოხსნეს და სივრცე "მთლიანად ბავშვებს დაუთმეს".

ფსიქოლოგის შეფასება

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ნებისმიერი დაწესებულება შეიძლება დადგეს ამ გამოწვევის წინაშე, სადაც ექსპოზიციებია.

მისი შეფასებით, ბავშვის, როგორც ვიზიტორის შეზღუდვა გასაგებია მაშინ, როდესაც ეს მის უსაფრთხოებას ეხება. მას მაგალითად ოკაცეს უღელტეხილი მოჰყავს, სადაც ბავშვის სიმაღლის სტანდარტი არსებობს და გარკვეული სიმაღლის მქონეები სხვადასხვა რისკების გამო არ დაიშვებიან.

"ამ შემთხვევაში, ეს გასაგებია, მაგრამ დააწესო შეზღუდვა ბავშვებზე და კონკრეტულად ასე დაყო ადამიანები და ბავშვები, არასწორია".

ფსიქოლოგი ასევე ამბობს, რომ მსგავსი დამოკიდებულება, როდესაც წესების დამორჩილებას მკაცრი ფორმით ითხოვენ, გამოწვევაა ბავშვებისთვის. მისი სიტყვებით, მაშინ, როდესაც ბავშვს ცუდ მოლოდინებს უქმნიან, შესაძლოა მას უფრო მეტად გაუჩნდეს სურვილი, რომ "ცუდად მოიქცეს".

"კვლევები აჩვენებენ, რომ ბავშვს რაც უფრო უკრძალავდნენ გამოფენებთან მიახლოებას და ამით მათი ფრუსტრაცია ხდებოდა, როდესაც ეძლეოდათ თავისუფლება, ისინი მართლაც აგრესიას გამოხატავდნენ".

ის ასევე აკრიტიკებს მუზეუმის მიმართვის ფორმებს, ამბობს, რომ ბავშვების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება პროტესტს იწვევს და მას დისკრიმინაციულს და სტიგმის გამაძლიერებელს უწოდებს:

"აბსოლუტურად მიუღებელი ფორმულირებაა "უზრდელი ბავშვი". ვინ მოიაზრება უზრდელ ბავშვში? რა დეფინიციას ექვემდებარება? მასტიგმატიზირებელია. ალბათ იგულისხმება ბავშვი, რომელიც ვერ მართავს თავის ქცევას და რაღაც გამოწვევები აქვს".

ყველაზე სასურველი ვიზიტორი ამ სივრცეში სწორედ ბავშვი უნდა იყოს.

მაია ცირამუა

მაია ცირამუას თქმით, როდესაც ბავშვს აქვს ქცევითი სირთულეები ან ემოციური პრობლემები, ისეთი ტიპის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, როგორიცაა მუზეუმში მისვლა, მნიშვნელოვანი როლი აქვს და ხშირად ამ პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. მათთვის, ვინც სარეაბილიტაციო პროგრამებშია ჩართული, თერაპიის ნაწილადაც შეიძლება ჩაითვალოს.

"მათი განაცხადი კი გვანიშნებს, რომ მუზეუმს არანაირი მგრძნობელობა არ აქვს ბავშვთა საკითხებზე და განსაკუთრებით იმ ბავშვთა საკითხებზე, რომლებსაც აქვთ ეს გამოწვევები. ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ეს პრობლემა, როგორც განათლების, ისე კულტურის სივრცეში, რომ რიყავენ ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ წესებზე დაქვემდებარება და აქვთ გარკვეული ტიპის გამოწვევები. [მათი ეს დამოკიდებულება] ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ [მუზეუმი] ირიდებს პრობლემას თავიდან და საკუთარ პასუხისმგებლობას ამაში ვერ ხედავს".

ის "სამწუხაროს" უწოდებს კომენტარებს "მუზეუმიდან გაძევებაზე", რომელიც, თავის მხრივ, ბავშვისთვის ტრავმის მატარებელი შეიძლება გახდეს:

"რაც შეეხება "საჯაროდ გაძევებას", უამრავი ადამიანის თანდასწრებით, სამწუხაროა რომ ასეთი მნიშვნელოვანი სექტორი ასეთ დამოკიდებულებას ავლენს. ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანტისოციალური ქცევის ასარიდებლად და ადრეული პრევენციისთვის ასეთი ტიპის საგანმანათლებლო აქტივობები აუცილებელია და სამწუხაროა, რომ ამ სივრცეში არსებობს ასეთი სრულიად დისკრიმინაციული და არასენსიტიური დამოკიდებულება ბავშვთა საკითხების მიმართ".

უცხოური მუზეუმების პრაქტიკას თუ გავიხსენებთ, წესებს, საგამოფენო დარბაზში მოქცევის შესახებ ვიზიტორები მუზეუმში მისვლის ადგილას ეცნობიან. ტოკიოში არსებულ MORI-ის ციფრულ მუზეუმის საიტზე მხოლოდ ის წესებია განსაზღვრული, რომელიც კამერით გადაღების დროს უნდა დაიცვან.