პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ 20 ივნისის მოვლენები პარლამენტზე შეტევა იყო. მისი თქმით, 20 ივნისის მოვლენები დღის პირველ ნახევარში ახალგაზრდებმა დაიწყეს, საღამოს კი ის რეალურად ატარებდა ძალადობრივ ხასიათს.

"ეს იყო შეტევა ქვეყნის პარლამენტზე და არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო თავისი ქვეყნის პარლამენტზე შეტევას არ მოითმენდა. თვეების განმავლობაში ოპოზიციის ეს ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს არ იყო ძალადობრივი შეტევა, თითქოს ამას არ ჰქონდა დესტაბილიზაციის მიზანი. გუშინ მათმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მიზანი ამ საღამოს აქციის ნამდვილად იყო დესტაბილიზაცია", — თქვა არჩილ თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ივნისის მოვლენებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათი თქმით, სააკაშვილის რიტორიკა ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე მიუთითებს.

უწყება სააკაშვილს 12 იანვარს გაკეთებულ განცხადებას ედავება: "2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა".