საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გურიაში მის დასახვედრად დაგეგმილ პერფორმანსზე თქვა, რომ პროტესტის პროტესტი არასდროს ექნება. მან აღნიშნა, რომ კალანდობა პოლიტიკური დღე არაა, ეს საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ყველამ ერთად უნდა იზეიმოს.

"მე არ ვიცი ვინ შემოუშვეს, ვინ არ შემოუშვეს აქ, როგორც ხედავთ, არ არის მთელი მოსახლეობა მოსული. აქ ელჩებიც არიან და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაულია და ამიტომ ვულოცავ ყველას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ვინც რაღაცას აპროტესტებს, გააპროტესტოს ეს არის თავისუფლება, ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და მე პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად გურიაში, ოზურგეთის სოფელ დვაბზუში იმყოფება, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ. სალომე ზურაბიშვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიება "კალანდა 2020"-ს ესწრებოდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი გურიაში 3 დღით ჩავიდა და ადგილზე რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.