რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია FX-მა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის, Fargo-ს მეოთხე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა და პრემიერის თარიღიც დააანონსა — 16 აპრილი.

სერიალის ახალ სეზონში სიუჟეტი 1950-იანი წლების ამერიკაში, მისურის შტატში ვითარდება, სადაც ემიგრანტების ორი ჯგუფი — იტალიელები და აფროამერიკელები კრიმინალური გარჩევებით ერთმანეთს უპირისპირდებიან.

Fargo ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ჟანრის სატელევიზიო შოუა, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი დახვეწილი შავი იუმორით მრავალი მაყურებელი მოხიბლა. სერიალის პირველი სეზონი ტელეეკრანებზე 2014 წელს გამოჩნდა და მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა.

FX-ის ეს ცნობილი სერიალი, რომელიც ძმები კოენების ამავე სახელწოდების მქონე 1996 წელს გამოსული ფილმის შთაგონებით შეიქმნა, ანთოლოგიის ტიპისაა და ყოველ შემდეგ სეზონში სრულიად ახალ ისტორიასა და პერსონაჟებს ეცნობიან მაყურებლები.

მესამე სეზონი 2017 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლს ივან მაკგრეგორი ასრულებდა. მეოთხე სეზონში კი კომედიური ფილმების ცნობილ მსახიობს, კრის როკსა და Cloud Atlas-ვარსკვლავს, ბენ უიშოუს ვიხილავთ.