ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შემდეგ, დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციციც გადადგა. ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, ბარციცმა გადაწყვეტილება ე.წ. კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო.

რუსული სახელისუფლებო მედია, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს, რომ რაულ ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა კენჭისყრას აღარ აპირებს. მისი თქმით, ხაჯიმბა არც აფხაზეთიდან გაქცევას გეგმავს და თვითაღიარებულ რესპუბლიკაში რჩება.

ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გუშინ, 12 იანვარს მას შემდეგ გადადგა, რაც დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ე.წ. არჩევნების შედეგები გააუქმა. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა დაპირისპირება. 6 იანვარს ოპოზიციის წევრებმა თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ 9 იანვარს სოხუმის ცენტრალურ მოედანზე, დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეკრებილიყვნენ. პროტესტი უკავშირდებოდა დე ფაქტო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს, რომელიც ითხოვდა, რომ აე.წ. არჩევნების შედეგები გაუქმებულიყო.

9 იანვარს ოკუპირებულ სოხუმში მოქალაქეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ და დააზიანეს.