თუ კი სმარტფონის განახლებას გეგმავდით და სამიზნედ სწორედ Galaxy S11 გქონდათ შერჩეული, მაშინ იმედებს გაგიცრუებთ, Galaxy S11 წელს არ გამოვა.

როგორც ჩანს, Samsung-მა გადაწყვიტა, რომ ფლაგმანის სახელი 2020 წელთან დაეკავშირებინა და S სერიის მომდევნო სმარტფონს სწორედ S20 დაარქვა. გავრცელებული ჭორები ამის შესახებ აქამდეც მოგვისმენია, თუმცა დღეს XDA-Developers-მა Galaxy S20 Plus-ის რეალური ფოტოები გაავრცელა, რამაც ყველაფერი საბოლოოდ დაადასტურა.

ფოტო: XDA-Developers

როგორც ფოტოებიდან ჩანს, სმარტფონის წინა კამერა ეკრანში იქნება ამოჭრილი და კუნძულივით დიდ ადგილს არ დაიკავებს. წინა კამერის ასეთი განლაგება უკვე ვიხილეთ Galaxy Note 10-ზე და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს გადაწყვეტა ყველა სხვა ალტერნატივას სჯობს.

როგორც ჩანს, ცვლილება შეეხო სმარტფონის მოხრილ გვერდებსაც და თუ კი XDA-ს წყაროს დავუჯერებთ, S20 Plus ხელში ბევრად უფრო ბრტყელი გვეჩვენება, ვიდრე მისი წინამორბედი.

უკანა ნაწილზე ვხვდებით კამერის დიდ მოდულს, რომლის რენდერიც რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. თუ აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას შევაჯამებთ, მაშინ Galaxy S20-ს ერთი ჩვეულებრივი, მეორე ულტრა ფართო, მესამე პორტრეტის და მეოთხე, ახალი მაკრო ლინზა ექნება.

ალბათ სტიკერზე არსებულ მესიჯს თქვენც დააკვირდით: "ფოტოების გადაღება აკრძალულია." როგორც ჩანს, გაფრთხილებამ არ იმუშავა.

ღონისძიება Unpacked, სადაც სამსუნგი სმარტფონს ოფიციალურად წარადგენს, 11 თებერვალს ჩატარდება, სავარაუდოდ, სამსუნგი ახალი სერიის სამ სმარტფონს გამოუშვებს: Galaxy S20, Galaxy S20 Plus, Galaxy S20 Ultra. ასევე არის ვარაუდი, რომ სამსუნგი ახალ დასაკეც სმარტფონსაც გვანახებს, თუმცა ამას დაზუსტებით ალბათ მხოლოდ ღონისძიების დღეს გავიგებთ.