ნიუ-იორკში ჰარვი ვაინშტაინის სასამართლო პროცესზე მოსამართლეს სიტყვა ქუჩიდან შემოსულმა ხმამაღალმა ფლეშბომა შეაწყვეტინა — უზენაესი სასამართლოს შენობასთან შავ ტანსაცმელში გამოწყობილმა 100-მა ქალმა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ახალი და ცნობილი ჰიმნი შეასრულა.

მოძალადე შენს გზაზე — ასე ჰქვია პერფორმანსსა და ჰიმნს, რომლითაც რამდენიმე თვეა სხვადასხვა ქვეყანაში სექსუალურ ძალადობას აპროტესტებენ, მათ შორის მექსიკაში, კოლუმბიაში, საფრანგეთში, გერმანიაში და თურქეთში.

სიმღერის პირველი პერფორმანსი ჩილეში ნოემბრის ბოლოს გაიმართა, როდესაც თვალახვეული ქალები სოციალური უთანასწორობის გამო ქუჩაში გავიდნენ. სიმღერა და მასთან თანხმლები ცეკვა ლათინური ამერიკის ქვეყნებში მალევე გავრცელდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოს მოედო. ძალადობის წინააღმდეგ ქალებმა იმღერეს მექსიკაში, საფრანგეთში, ესპანეთში, კოლუმბიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.

"შენ ხარ მოძალადე / პოლიციელები, მოსამართლეები, პრეზიდენტი, მთავრობა / ჩემი ბრალი არაა, არც იმის სად ვიყავი ან როგორ მეცვა / შენ ხარ მოძალადე" — ე.წ. ჰიმნში ეს საკვანძო ფრაზები მეორდება.

ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, პერფორმანსს კათარზისის ეფექტი აქვს და მისი შესრულებისას ქალები ერთიანობას და უკეთესობისკენ ცვლილების ძალას გრძნობენ. მოგვიანებით ქალების დემონსტრაციამ მანჰეტენის სხვა ნაწილში გადაინაცვლა, ქალებმა პროტესტი ტრამპის სასტუმროსთან დაასრულეს.

სიმღერის ავტორი რიტა სეგატოა, არგენტინელ-ბრაზილიელი აკადემიკოსი.

პერფორმანსის დასრულების შემდეგ, ვაინშტაინის ადვოკატებმა მოსამართლეს ნაფიცი მსაჯულების შეცვლა სთხოვეს, რადგან, მათი თქმით, ფლეშმობმა მათზე გავლენა მოახდინა. მოსამართლემ მათი შეთავაზება არ მიიღო.

ვაინშტაინი 80-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში, მათ შორის, გაუპატიურებაში. ნიუ-იორკის სასამართლოზე მის წინააღმდეგ 5 სხვადასხვა საქმეს განიხილავენ და დამტკიცების შემთხვევაში ჰოლივუდის ყოფილ პროდიუსერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 67 წლის ვაინშტაინს წინა კვირაში ლოს-ანჯელესის სასამართლომ გაუპატიურებასა და ძალადობაში ბრალი წარუდგინა, რომელიც 28-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის გარდა, მის საქმეს ლონდონის პოლიციაც იძიებს.

ამ საქმეებზე ვაინშტაინის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები მოიცავს ძალის გამოყენებით გაუპატიურებას, ძალის გამოყენებით ორალურ სქესობრივ აქტს, სექსუალური ხასიათის იძულებით ქმედებებსა და ძალის გამოყენებით პენეტრაციას.

ოსკაროსანი პროდიუსერი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ყველა ურთიერთობა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე შედგა. თუმცა დასძენს, რომ "უამრავ ადამიანს ტკივილი მოუტანა".