ბიოლუმინესცენცია ადამიანებისთვის ძალიან იშვიათი, უცხო სანახაობაა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მის მაგალითებს ცხოვრებაში იშვიათად ვხვდებით. თუმცა, სინამდვილეში, ცხოველებში საკუთარი სხეულით სინათლის წარმოქმნის უნარი საკმაოდ ხშირად გვხვდება.
ბიოლუმინესცენცია ძირითადად ოკეანის ან წყლის ბინადრებს ახასიათებთ, თუმცა ის გვხვდება ხმელეთზეც — სოკოებში, მწერებში და, მაგალითად, ციცინათელებში.

ისიც აღსანიშნავია, რომ ბიოლუმინესცენცია მრავალგვარი არსებობს, ანუ სხვადასხვა ცხოველი სინათლეს სხვადასხვა მეთოდით წარმოქმნის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბიოლუმინესცენციის მიღმა არსებული მთავარი მექანიზმი ყველგან ერთია.

ბიოლუმისცენციისთვის საჭიროა ორი ინგრედიენტი — ცილა ლუციფერინი და მასთან ასოცირებული ფერმენტი ლუციფერაზა. ამ ორი კომპონენტის ურთიერთქმედებით წარმოქიმნება სანახაობრივი და ამავდროულად ცხოველებისთვის პრაქტიკული სინათლე.

ბევრი ცხოველი, რომელიც ანათებს, ბიოლუმინესცენციას მათ სიმბიოტ ბაქტერიებს უნდა უმადლოდნენ, რადგან მათ თვითონ ბიოლუმინესცენციის უნარი არ გააჩნიათ. ზოგ ცხოველს, მაგალითად, ზღვის ეშმაკს საკუთარი ლუციფერინ-ლუციფერაზები აქვთ და ასე ანათებენ ღრმა ოკეანეს მსხვერპლის ძიებაში.

მანათობელი პლანქტონი

მანათობელი პლანქტონი

ფოტო: Tdub

თუმცა, არის ცხოველი, რომლის ბიოლუმინესცენციის უნარი არც გამომუშავებულია და არც ბაქტერიებისგან არის ნასესხები. საუბარია ოქროსფერ მცურავზე, (Parapriacanthus Ransonetti) რომელიც წყნარი ოკეანის ბინადარი პატარა თევზია. ეს ლამაზი თევზი ბიოლუმინესცენციას მთლიანად სხვა ორგანიზმებიდან სესხულობს, უფრო კონკრეტულად კი, თავისი საკვებიდან. ბიოლოგ ედით ვიდერის თქმით, ამ დრომდე ეს შეუძლებელ მოვლენად ითვლებოდა.

ბუნებაში არის შემთხვევები, როცა ცხოველები საკუთარი საკვების თვისებებს სათავისოდ იყენებენ. მაგალითად, წყლის ლოკოკინა, რომელიც წყალმცენარეებით იკვებება, ნაჭამი მცენარეების ქლოროპლასტებს მზისგან ენერგიის მისაღებად იყენებს.

ზღვის ეშმაკი

ზღვის ეშმაკი

ფოტო: Rebikoff-Niggeler Foundation

მსგავსი მაგალითების მიუხედავად, ოქროსფერი მცურავების შემთხვევა მაინც უნიკალურია იმიტომ, რომ ლუციფერაზა, რომელსაც ისინი საკვებიდან ღებულობენ და მოიხმარენ, მარტივად დაშლადი ცილაა. ორგანული ნაერთები კუჭ-ნაწლავში, როგორც წესი, მარტივ ერთეულებად იშლება, შემდეგ კი ორგანიზმი ამ კომპონენტებს ითვისებს.

ზემოხსენებული აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც ოქროსფერი მცურავები საკვებიდან მიღებულ ლუციფერინს კი არ ინელებენ, არამედ მას ბიოლუმინესცენციისთვის იყენებენ, მეცნიერებისთვის გასაკვირი იყო. თუ როგორ ახერხებს ამას ოქროსფერი მცურავი, მკვლევარებისთვის დღემდე უცნობია.

"მე ვფიქრობ, რომ ასეთი სისტემა, შესაძლოა, სხვა ცხოველებშიც მოქმედებდეს, მაგალითად, ფეხსახსრიანებში", — ამბობს ევოლუციური ბიოლოგი საიდ ბრაკენ-გრისომი.

კვლევის შედეგად ჩვენ ბიოლუმინესცენციის კიდევ ერთი მექანიზმს მივაკვლიეთ, რაც ნამდვილად სასიხარულოა. თუმცა ოქროსფერი მცურავების საიდუმლოს ასახსნელად კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო.