რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპიის დამასკოში მიწვევა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პუტინმა და ასადმა ტრამპი დამასკოს ეკლესიაში პავლე მოციქულზე საუბრისას ახსენეს.

პუტინის თქმით, ტრამპი დამასკოში ჩასვლით "პავლე მოციქულის გზას დაადგება". რაზეც ასადმა უპასუხა, რომ ამის შემდეგ "ტრამპს ყველაფერი კარგად ექნება". პუტინმა კი დარწმუნებით თქვა, რომ დონალდ ტრამპი აუცილებლად ჩავა და "გაუმკალვდება".

როგორც ცნობილია, მოციქულმა პავლემ დამასკოს გზის გავლის შემდეგ ქრისტიანობა იწამა და ქრისტიანობის აქტიური მქადაგებელი გახდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში მოულოდნელად 7 იანავრს ჩავიდა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ვიზიტის შესახებ მანამდე ცნობილი არ იყო.

ოპოზიციასთან ბრძოლაში ბაშარ ასადის მოკავშირეა როგორც რუსეთი, ისე ირანი. სირიის ტერიტორიაზე აშშ-ს მოკავშირეები სირიელი ქურთები არიან, ტერორიზმთან საბრძოლველად კი მათი ბაზები ქვეყნის აღმოსავლეთითაა განლაგებული.

სირიაში სამოქალაქო ომი 2012 წელს დაიწყო. ტერორიზმთან ბრძოლის მიზეზით რუსეთმა სირიაში ოპერაცია 2015 წელს დაიწყო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამთავრობო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს. ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაციები სირიისა და რუსეთის ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ სიკვდილში ადანაშაულებენ.