სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. უწყების განცხადებით, ისინი ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციას ეყრდნობიან, რომელიც ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ გაიცა.

"ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან", — წერია უწყების განცხადებაში.

8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. ირანმა ოთხდიღანი დაგვიანებით აღიარა, რომ თვითმფრინავი მათ "ადამიანური შეცდომით" ჩამოაგდეს, რაც "ამერიკის ავანტიურიზმმა" გამოიწვია. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განმარტებით, უკრაინული თვითმფრინავი "მგრძნობიარე" და "კრიტიკულ" ვითარებაში გაფრინდა და მიუახლოვდა სამხედრო წერტილს.

ირანის ამ აღიარებამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. მალევე გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც შემთხვევა იყო ასახული.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან თითქმის 2 წუთში რადარებიდან გაქრა. მათივე თქმით, მომხდარის გამო გაურკვეველი დროით ირანში ფრენებს შეწყვეტენ.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე. მისივე თქმით, ეს ბოინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კომპანიას გააჩნდა.

ირანი უარს ამბობს შავი ყუთი უკრაინას გადასცეს, თუმცა დათანხმდა იმას, რომ გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტებიც ჩაერთონ.