ვარკეთილში ანას ბაღის დამცველებს იმ ადგილზე 10-სართულიანი კორპუსის აშენებით დაინტერესებული კომპანიის წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობის პარტაქტივს" უწოდებს. მისი დათვლით, მშენებლობის დაწყებას 10-15 ადამიანი ეწინააღმდეგება.

"პოზიცია არის კომპანიის, რომ მიწის ჩანაცვლებაზე უარს ვიძახით. დაახლოებით, სამი თვეა ამ პროცესებში ჩართული ვარ და დაახლოებით 15 კაცია", — თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.

ამ თემაზე საუბრისას ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მას ტყუილის თქმას აბრალებდნენ, კომპანიის წარმომადგენელმა კი მათ "ზრდილობა" დაუწუნა.

ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. მათ უნდათ, რომ 10 სართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან პარკის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს. ერთ-ერთი ბოლო აქცია რამდენიმე დღის წინ, 10 იანვარს გაიმართა. იმ დღეს პოლიციამ ანას ბაღის 10 დამცველი დააკავა.