თეირანში ანტისამთავრობო აქციის დროს ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი, რობ მაკაირი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ელჩი სამი საათის განმავლობაში იყო დაკავებული.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საფუძვლებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე ელჩის დაპატიმრება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

გუშინ, 11 იანვარს, მას შემდეგ, რაც ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი 176 მგზავრით შეცდომით ჩამოაგდეს, თეირანში ანტისახელისუფლებო აქცია დაიგეგმა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ აქციის დაშლა დაიწყო.

ირანმა გუშინ, 11 იანვარს, ოთხდიღანი დაგვიანებით აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათ ადამიანური შეცდომით ჩამოაგდეს, რაც ამერიკის ავანტიურიზმმა გამოიწვია. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განმარტებით, უკრაინული თვითმფრინავი "მგრძნობიარე" და "კრიტიკულ" ვითარებაში გაფრინდა და მიუახლოვდა სამხედრო წერტილს.

ირანის ამ აღიარებამდე საერთაშორისო მედია წერდა, რომ ირანმა უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო. მალევე გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც შემთხვევა იყო ასახული.

8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ შორის ირანის — 82, კანადის — 63, უკრაინის — 11, შვეიცარიის — 10, ავღანეთის — 4, გერმანიის — 3 და დიდი ბრიტანეთის — 3 მოქალაქე. უკრაინის 11 მოქალაქეს შორის 2 მგზავრი იყო, 9 კი ეკიპაჟს წევრი.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან თითქმის 2 წუთში რადარებიდან გაქრა. მათივე თქმით, მომხდარის გამო გაურკვეველი დროით ირანში ფრენებს შეწყვეტენ.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე. მისივე თქმით, ეს ბოინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კომპანიას გააჩნდა.

ირანი უარს ამბობს შავი ყუთი უკრაინას გადასცეს, თუმცა დათანხმდა იმას, რომ გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტებიც ჩაერთონ.