კლუბ ბასიანთან სამი კაცის დაჭრის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბი ბასიანის შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს", — აღნიშნავენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ამ მუხლებით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ისჯება რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.

შემთხვევა დღეს, 12 იანვარს გამთენიისას მოხდა.