აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეას სთხოვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის, კიმ ჩენ ინისთვის დაბადების დღის მისი მილოცვა გადაეცათ. 8 იანვარს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 36 წლის გახდა.

ამის შესახებ სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ჟურნალისტებს ინჩხონის აეროპორტში უთხრა, როდესაც ვაშინგტონიდან ბრუნდებოდა. აშშ-ში ვიზიტისას ის დონალდ ტრამპს შეხვდა.

"პრეზიდენტ ტრამპს ახსოვდა და კიმ ჩენ ინის დაბადების დღესთან დაკავშირებით კარგი სურვილები გამოთქვა. მან ითხოვა, რომ კარგი იქნებოდა თუ პრეზიდენტი მუნი ამ შეტყობინებას კიმ ჩენ ინს გადასცემდა. როგორც ვიცი, მსგავსი შეტყობინება შესაბამისი გზით ჩრდილოეთ კორეისთვის გადაცემულია", — განაცხადა სამხრეთ კორეის მაღალჩინოსანმა.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გამო დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან პირადი ურთიერთობის დამყარება არაერთხელ სცადა. თუმცა კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღება არასდროს მოხდება, თუ აშშ თავის "მტრულ პოლიტიკას გააგრძელებს".