გერმანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება გადასცა. როგორც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, გერმანულმა მხარემ საქართველოს ტექნიკა "შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის" ფარგლებში გადასცა.

"შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივა" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლებისთვის 1,5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდი და 4 ერთეული კონტეინერმზიდი შეისყიდეს.

"გერმანია არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერი. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მოდერნიზებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში", — განაცხადა მინისტრმა.

ტექნიკის გადაცემის ღონისძიებაზე გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა საქართველო გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ფოტო: თავდაცვის სამინისტრო