ბოლო სამ დღეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეზე სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

პრეზიდენტის შემთხვევაში 7 იანვარს გავრცელდა ყალბი სქრინი, სადაც ის შობის ნაცვლად მოქალაქეებს აღდგომას ულოცავდა.

სინამდვილეში მისალოც პოსტში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დევს, "შობაა" წერია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული სქრინი მითების დეტექტორმა გადაამოწმა. მათი თქმით, ფეისბუქ პოსტი ყალბია და ფოტოშოპშია დამუშავებული.

ფოტო: მითების დეტექტორი

ფოტო: მითების დეტექტორი

"საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისალოცი პოსტის ისტორიის შემოწმების შედეგად ჩანს, რომ ერთადერთი ცვლილება, რომელიც მასში განხორციელდა, სიტყვა "გვესტუმრნენ"-ს უკავშირდება. სხვა ცვლილება რედაქტირების ისტორიაში არ ჩანს", — წერს მითების დეტექტორი.

ფოტო: გიორგი ნადარაია

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეზე გავრცელებულ სქრინს, რომელშიც თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ლექსს უძღვნის, სოციალურ ქსელებში 10 იანვარს გამოჩნდა. ფეისბუქზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოსტი ოფიციალური გვერდიდან არჩილ თალაკვაძემ თავად წაშალა. თუმცა FactCheck-ის თქმით, ფოტოზე დრო არასწორადაა მითითებული, რაც ფოტომანიპულაციაზე მიუთითებს.

"ფოტოზე დრო შემდეგნაირად არის მითითებული — 23:45am. AM აღნიშნავს ღამის 12 საათიდან დილის 12 საათამდე პერიოდს, ხოლო PM — პირიქით. 23:45am ფორმატი არ არსებობს და Facebook-ზე მსგავსი ჩანაწერი ვერ იქნებოდა. ფოტო, რომ რეალური იყოს მასზე მითითებული დრო იქნებოდა შემდეგნაირად: ან 24 საათიანი ფორმატით 23:45, ან 12-საათიანი ფორმატით —11:45 pm", — წერს ფაქტჩექერი.

არჩილ თალაკვაძეზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ სქრინს, რომელიც 7 საათის წინ გამოქვეყნდა და ისევ იძებნება, ამ დროისთვის 500-ზე მეტი გაზიარება აქვს.