სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაკურიანში კომპანია, რომელიც ე.წ. 25-მეტრიანების ოპერირების უფლებას ფლობს, გააფრთხილა. უწყებამ კომპანიას განუმარტა, რომ დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია — ჯარიმა ემუქრება.

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, თავისუფლების ქარტია საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ მიმართა ინდივიდუალურ მეწარმეს, არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები", — აღნიშნავენ უსაფრთხოების სამსახურში.

8 იანვარს ბაკურიანის ერთ-ერთმა დამსვენებელმა ფეისბუქზე გაავრცელა პოსტი, სადაც წერდა, რომ საბაგიროზე საბჭოთა რუბლის გამოყენებით მგზავრობდნენ.