ტელეკომპანია FX-მა მხევლის წიგნის შემქმნელ სტრიმინგ სერვის Hulu-სთან ერთად ახალ და საოცრად საინტერესო სერიალზე იმუშავა, რომელიც ცნობილი ისტორიული მოვლენების ახლებურ რეპრეზენტაციას გვთავაზობს.

Mrs. America — ასე ჰქვია ახალ სატელევიზიო შოუს, რომელიც 70-იან წლების ამერიკაში განვითარებული ფემინიზმის მეორე ტალღის სახელით ცნობილი მოვლენის ირგვლივ აგებული დამაინტრიგებელი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

სერიალის პირველი ტრეილერი სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა:

სერიალში მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი, ქეით ბლანშეტი ასრულებს და ის კონსერვატიული ღირებულებების მქონე ფილის შლაფლაის, ყოფილ მის ამერიკას განასახიერებს, რომელიც ფემინისტურ მოძრაობას ებრძვის.

"მე არ ვებრძვი ქალებს, არც იმას, რომ ქალებს სახლის გარეთ მუშაობა შეეძლოთ. მე უბრალოდ ვეწინააღმდეგები ქალების განმათავისუფლებელ მოძრაობას", — ამბობს ქეით ბლანშეტის პერსონაჟი ტრეილერში.

ქეით ბლანშეტთან ერთად ცხრა ეპიზოდიან სატელევიზიო შოუში ვიხილავთ სერიალ Orange Is the New Black-ის ცნობილ სახეს, უზო ადუბასა და American Horror Story-ის ვარსკვლავ, სარა პოლსონს.

სერიალის შემქმნელი და სცენარისტი დავი უოლერია, რომელსაც მანამდე ისეთი საკულტო სატელევიზო შოუების სცენარებზე უმუშავია, როგორებიცაა Mad Man და Desperate Housewives. სერიალის რეჟისორები კი ანა ბოდენი და რაიან ფლეკი არიან, რომლებმაც მანამდე ერთობლივად გადაიღეს ცნობილი ბლოკბასტერი — Captain Marvel.

სერიალის პრემიერა 2020 წლის 15 აპრილსაა დაგეგმილი.