რუსული სახელისუფლებო გამოცემა RIA წერს, რომ აფხაზეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი ჩავა. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩასვლის მიზანი აფხაზეთში არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში დახმარებაა.

9 იანვარს დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა. ამავე დროს, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტმა დადგენილება მიიღო. თუმცა რაულ ხაჯიმბა გადადგომაზე უარს აცხადებს.

პროტესტი უკავშირდება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს, რომელიც ითხოვს, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაუქმდეს.

თვითონ რაულ ხაჯიმბა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. რუსეთი მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე ამბობს, რომ ეს "ქვეყნის შიდა საქმეა".

სოხუმში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. მან განაცხადა, რომ ის აკვირდება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს:

"დიდი ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში განვითარებულ მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და მათი უფლებების დაცვას".