ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირმა) სახალხო დამცველის თხოვნით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეაფასა. მათ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესში გამოვლინდა დარღვევები.

მათ შორის ხაზგასმულია უშუალოდ საბოლოო დანიშვნის ეტაპი, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, კენჭისყრის გადადების მოწოდებებისა და პლენარულ სხდომებზე სერიოზული შეფერხებების მიუხედავად, პლენარული სხდომისთვის რეკომენდაციების გაცემიდან მხოლოდ რამდენიმე წუთში გაიმართა.

ოდირი ყურადღებას ამახვილებს მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრების ეტაპზე. მათი თქმით, გესაუბრებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან კითხვების რაოდენობისა და შინაარსის, კითხვის დასმის მანერის და გასაუბრების ხანგრძლივობის მიხედვით, რაც ეწინააღმდეგება თანაბარი მოპყრობის პრინციპებს.

ანგარიშში მოხვდა მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხიც. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, რიგი კანდიდატები არ აკმაყოფილებდნენ მინიმალური იურიდიული განათლების მოთხოვნას. სამუშაო ჯგუფმა დაადასტურა ყველა კანდიდატის შესაბამისობა დიპლომების გადამოწმებამდე, თუმცა, გადამოწმებული ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, რამაც შეასუსტა პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა.

ოდირის ანგარიშის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ იყო თანმიმდევრული წესების გამოყენებისას და პროცესის მიმდინარეობისას შემოიღო ახალი
პროცედურები. რამაც არათანაბარი პირობები შეუქმნა კომიტეტის წევრებსა და ფრაქციებს. თუმცა დადებითად შეფასდა უშუალოდ დროის დანიშვნის ფაქტი.

მათივე შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რიგი განცხადებები, კომენტარები და გაფრთხილებები იყო მიკერძოებული, რაც უარყოფითად აისახებოდა მის მცდელობაზე, შეენარჩუნებინა ნეიტრალურობა და სამართლიანობა.

ანგარიშში ასევე მოხვდა პარლამენტის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტებიც, რაც ხანგრძლივ შეფერხებას იწვევდა.

ანგარიშში ყურადღება დაეთმო მედიასაც. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საჯაროვდებოდა დაგვიანებით, გასაუბრებისთვის განკუთვნილი სივრცე არ პასუხობდა მაღალ ინტერესს და მედიას გასაუბრებისთვის პირდაპირი ჩართვის საშუალებით თვალყურის დევნება უწევდა.

მიუხედავად დაფიქსირებული დარღვევებისა, ანგარიშში დადებითაა შეფასებული ფაქტი, რომ კანონმა უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო საჯარო მოსმენა, რამაც პროცესის გამჭვირვალობა გააუმჯობესა. ავე აღნიშნულია, რომ ამით საზოგადოებას პროცესზე დაკვირვების საშუალება მიეცა. საერთო ჯამში კი დასმული ფართო სპექტრის შეკითხვები რელევანტური იყო კანდიდატთა დამსახურების და შესაბამისობის შესაფასებლად.