ვარკეთილში მოსახლეობა "ანას ბაღში" კორპუსის მშენებლობას უკვე 50 დღეა აპროტესტებს. დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც კერძო კომპანია შპს ევროპული სამშენებლო ჰოლდინგმა ადგილზე ტექნიკა შეიყვანა. ადგილზე დილიდან მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც 6 პირი დააკავა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები სამშენებლო კომპანიის მანქანას წინ უწვებიან.

"დღეს დილით მშენებლებმა განახორციელეს სპეცოპერაცია. 50-მდე კერძო დაცვის თანამშრომელმა ხელით გააჩოჩა ჭიშკართან მდგარი თეთრი მიკროავტობუსი და ცოცხალი ძალის კორიდორში შეძლეს ტრაქტორის შეყვანა. როგორც ჩანს გზას უმზადებენ მიწისმთხრელს", — წერენ ანას ბაღის დასაცავად შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ოთხს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ხოლო მოგვიანებით დაკავებულ კიდევ ორ პირს 166-ე მუხლთან ერთად ედავებიან 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობას გულისხმობ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან თქვა, რომ მერიას მშენებლობის შეჩერების სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს და დავამ სასამართლოში უნდა გადაინაცვლოს.

"როგორც კი შემოვიდა საჩივარი ჩვენ როგორც ხდება ხოლმე შევაჩერეთ პროექტი. შესაბამისად, მერიაში მოხდა ურბანულად შესწავლა, არქიტექტურულად შესწავლა ყველა ნიუანსის და აღმოჩნდა, რომ ეს პროექტი სამართლებრივად გასწორებულია. ჩვენ მეტი ბერკეტი არ გვაქვს, რომ გავაჩეროთ... იმ შემთხვევაში, თუ ეს მიუღებელია არის ერთადერთი გზა არის სასამართლო", — თქვა ირაკლი ზარქუამ.

მოქალაქეები ანას ბაღთან პროტესტს აგრძელებენ და ამბობენ, რომ ადგილს არ დატოვებენ.