ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი "უპასუხისმგებლო ინვესტორებმა რამდენიმე წლით გააჩერეს". ამაზე მან დღეს, 10 იანვარს პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა. სესიაშვილმა "უსაფუძვლო ბრალდებები" უწოდა ყველა იმ კრიტიკულ განცხადებას, რაც ხელისუფლების მხრიდან კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას მოჰყვა.

"დღეს ჩვენ ვხედავთ ამ თემით პოლიტიკურ სპეკულაციას. პოლიტიკურ ინტერესებზე დაფუძნებულ განცხადებებს, მათ შორის, რუსულ ფაქტორებზე, რაც აბსოლუტურად ამოვარდნილია რეალობიდან", — აცხადებს დეპუტატი.

საქართველოს მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებისა შეწყვიტის შესახებ 9 იანვარს განაცხადა. ინფტრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ პროექტზე ერთობლივი მუშაობა 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის პორტი 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა გაშლილიყო და 32 ნავმისადგომი უნდა ჰქონოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ კონსორციუმის ვალდებულებების შესრულება არაერთხელ გადაუვადა. ისინი კონსორციუმს ვალდებულებების შეუსრულებდლობაში ადანაშაულებდნენ მაშინ, როცა კონსორციუმი, პირიქით, მთავრობას ადანაშაულებდა ხელშეშლაში.

კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.

ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია კი "რუსული პოლიტიკის თავიდან აცილებით" ხსნის მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში ანაკლიის კონსორციუმის ჩამოშორებას ეხება.