ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე აცხადებს, რომ სოხუმში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის იმიჯზე მოქმედებენ.

"ამ მომენტში, ჩემი აზრით, საჭიროა მოლაპარაკებების წარმართვა — ეს ისაა რასაც პრეზიდენტი ამბობდა. ყველა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოგვარდეს", — განაცხადა დაურ კოვემ.

მანვე დაამატა, რომ მას ჟენევის დისკუსიის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ და აფხაზეთის სიტუაციით დაინტერესდნენ.

9 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდეს. ეხო კავკაზას ინფორმაციით, დე ფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მოტივით განმარტა.

ოკუპირებულ სოხუმში მოქალაქეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდნენ. როგორც ეხო კავკაზა წერდა, ადმინისტრაციასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა. შენობასთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული და დემონსტრანტების შეკავებას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეებმა შენობის პირველი სართულის ფანჯრები და კარები შეამტვრიეს.

პროტესტი უკავშირდება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს, რომელიც ითხოვს, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაუქმდეს. თვითონ რაულ ხაჯიმბა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.