რუსეთი მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე ამბობს, რომ ეს "ქვეყნის შიდა საქმეა". განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ყურადღებით ვაკვირდებით სოხუმის შიდაპოლიტიკური სიტუაციის განვითარებას. განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის შიდა საქმედ განვიხილავთ. ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთში დაინტერესებული მხარეები მშვიდობიანი დიალოგის გზით, სამართლებრივ ჩარჩოში ვითარების სწრაფ სტაბილიზაციას შეძლებენ", — ნათქვამია განცხადებაში.

9 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდეს. ეხო კავკაზას ინფორმაციით, დე ფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მოტივით განმარტა.

ოკუპირებულ სოხუმში მოქალაქეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდნენ. როგორც ეხო კავკაზა წერდა, ადმინისტრაციასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა. შენობასთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული და დემონსტრანტების შეკავებას ცდილობდნენ. პროტესტი უკავშირდება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს, რომელიც ითხოვს, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაუქმდეს.

თვითონ რაულ ხაჯიმბა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.