საბჭოთა პერიოდის ავტობუსის გაჩერებები უკვე დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფების ყურადღებას იპყრობს. რამდენიმე წლის წინ ცნობილმა ფოტოგრაფმა, კრისტოფერ ჰერვიგმა ამ გაჩერებების მოსაძებნად 13 პოსტსაბჭოთა ქვეყანა მოინახულა და 30 000 კილომეტრზე მეტი გაიარა მანქანით და ველოსიპედით. "ნადირობის" შედეგები ორ წიგნში გაერთიანდა.

საქართველოში საბჭოთა დროს აშენებულ უნიკალურ ავტობუსის გაჩერებებზე კი ნანუკა ზაალიშვილის დასურათებული წიგნი გამოიცა.

ამჯერად ბელგიელმა ფოტოგრაფმა, იზაბელ ვან აშემ იმოგზაურა აფხაზეთში და მოზაიკით გაფორმებული მონუმენტური ნაგებობები აღბეჭდა.

"შეიძლება აფხაზეთში არასდროს მოხვედრილხართ — ეს რუსეთსა და საქართველის შორის განლაგებული ტერიტორიაა შავი ზღვის სანაპიროზე. ულამაზესი ადგილია, რომელიც მეგობრული ხალხითაა დასახლებული", — დაწერა იზაბელმა საკუთარი ფოტოების შესახებ სტატიაში Bored Panda-ზე. კომენტარებში მას რამდენიმე ადამიანმა შეუსწორა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ტერიტორია კი არა, საქართველოს ოკუპირებული ნაწილია.

ნახეთ აფხაზეთის ფუტურისტული გაჩერებები, რომელთაც, სამწუხაროდ, ჩვენი თვალით ვერ მოვინახულებდით.

ფოტო: isabelle_van_assche

ფოტო: isabelle_van_assche

ფოტო: isabelle_van_assche

როგორც წესი, ასეთ გაჩერებებს ქალაქში და მის ახლომახლო ვერ ნახავთ. რაც უფრო შორდება ადგილი ცენტრს, მით უფრო საინტერესო ხდება გაჩერების არქიტექტურული ჩანაფიქრიც. ავტობუსის გაჩერებები საბჭოთა კავშირში სოფლებისა და დასახლებების ერთგვარი სიმბოლოები იყო. მაგალითად, ესტონეთში უმეტესად ხის გაჩერებებს ნახავდით, ბელარუსში კი - დატეხილი ქვებისას. ყირგიზეთში ნახავთ გაჩერებას, რომელსაც ტრადიციული ქუდის სახე აქვს. აფხაზეთის გაჩერებების ექსტრავაგანტულობა კი იმითაცაა გამოწვეული, რომ სწორედ აქ ისვენებდნენ საბჭოთა მაღალჩინოსნები.

ფოტო: isabelle_van_assche

ფოტო: isabelle_van_assche

ფოტო: isabelle_van_assche

ფოტო: isabelle_van_assche

გაჩერებების უმრავლესობა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა, როცა საბჭოთა არქიტექტურა ბრუტალური ესთეტიკით იყო შთაგონებული.

ფოტო: isabelle_van_assche

ფოტო: isabelle_van_assche

ფოტო: isabelle_van_assche

ერთ-ერთ ინტერვიუში არქიტექტორი არმენ სარდაროვი განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირში ავტობუსით მგზავრობა საამაყო მოვლენა იყო. სწორედ ამიტომ აძლევდნენ დამკვეთები არქიტექტორებს სრულ გასაქანს.

ფოტო: isabelle_van_assche

ფოტო: isabelle_van_assche

ფოტო: isabelle_van_assche

"ჩვენ სოციალისტურ სამყაროში ვცხოვრობდით. ამ სამყაროში კი ინდივიდუალური ტრანსპორტით გადაადგილებას ცუდი თვალით უყურებდნენ. თითქმის არავის ჰყავდა საკუთარი მანქანა. მთლიანი სისტემა ავტობუსის მარშუტებზე იყო აწყობილი. მათ ქვეყნის გამაერთიანებელ ძალად აღიქვამდნენ", — ამბობს არქიტექტორი.