აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდეს. ადგილობრივი სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, დადგენილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

ეხო კავკაზას ინფორმაციით, დე ფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება დესტაბილიზაციის თავიდან არიდების მოტივით განმარტა.

როგორც გამოცემა წერს, სხდონას სულ 27 დე ფაქტო დეპუტატი ესწრებოდა. გადაწყვეტილებას მხარი 19-მა დაუჭირა, წინააღმდეგი — 4 იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

სესიის დასრულების შემდეგ პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებთან ოპოზიციის ლიდერი გავიდა და მოუწოდა მათ არ დაშლილიყვნენ. მან გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მოწოდებას გაითვალისწინებს.

რაც შეეხება ხაჯიმბას, ამ გადაწყვეტლებამდე მან მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ, რათა "საფრთხის ქვეშ არ დადგეს რესპუბლიკის არსებობა".

6 იანვარს ოპოზიციის წევრებმა თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ დღეს, 9 იანვარს სოხუმის ცენტრალურ მოედანზე, დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეკრებილიყვნენ. პროტესტი უკავშირდება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიციანის სარჩელს, რომელიც ითხოვს, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები შედეგები გაუქმდეს.

დღეს ოკუპირებულ სოხუმში მოქალაქეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდნენ. როგორც ეხო კავკაზა წერდა, ადმინისტრაციასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა. შენობასთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული და დემონსტრანტების შეკავებას ცდილობდნენ.