ირანმა შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი. ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემები, BBC, CNN, CBS და სხვები იუწყებიან.

"აშშ-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს ორი საჰაერო სარაკეტო გასროლა, რაც თვითმფრინავის აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა", — წერს CBS News.

8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ შორის ირანის — 82, კანადის — 63, უკრაინის — 11, შვეიცარიის — 10, ავღანეთის — 4, გერმანიის — 3 და დიდი ბრიტანეთის — 3 მოქალაქე. უკრაინის 11 მოქალაქეს შორის 2 მგზავრი იყო, 9 კი ეკიპაჟის წევრი.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან თითქმის 2 წუთში რადარებიდან გაქრა. მათივე თქმით, მომხდარის გამო გაურკვეველი დროით ირანში ფრენებს შეწყვეტენ.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე. მისივე თქმით, ეს ბოინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კომპანიას გააჩნდა.

ირანი უარს ამბობს შავი ყუთი უკრაინას გადასცეს, თუმცა დათანხმდა იმას, რომ გამოძიებაში უკრაინელმა ექსპერტებიც ჩაერთონ.