საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის აკვირდება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, სადაც დღეს, 9 იანვარს დაპირისპირება იყო. ამის შესახებ მან დატვიტა.

"დიდი ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში განვითარებულ მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და მათი უფლებების დაცვას", — წერს ზურაბიშვილი.

6 იანვარს ოპოზიციის წევრებმა თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ დღეს, 9 იანვარს სოხუმის ცენტრალურ მოედანზე, დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეკრებილიყვნენ. პროტესტი უკავშირდება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელს, რომელიც ითხოვს, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები შედეგები გაუქმდეს.

დღეს ოკუპირებულ სოხუმში მოქალაქეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდნენ. როგორც ეხო კავკაზა წერდა, ადმინისტრაციასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა. შენობასთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული და დემონსტრანტების შეკავებას ცდილობდნენ.