ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მთავრობის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლების შეჩერებაზე გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ მან მთავრობის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, არ გვრჩება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ მივმართოთ საარბიტრაჟო სასამართლოს. სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისათვის, რომლის განხორციელებასაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკაში გარდატეხა მოახდინოს, არ იქნა გაკეთებული ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო", — განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმის დირექტორი მთავრობის ბრალდებებს, ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, კონსორციუმმა პროექტის განსახორციელებლად 75 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ახვლედიანის განცხადებით, კომპანიამ ინვესტორებისა და ბანკებისგანაც მოიძია თანხები.

საქართველოს მთავრობა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა 9 იანვარს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ცქიტიშვილის განმარტებით, მთავრობა ახალი პარტნიორის მოძებნას დაიწყებს.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება, მისი შეფასებით, ეს ანაკლიის პორტის შესაჩერებლად დაწყებული სპეცოპერაციის პირველი ეტაპია.