უკრაინის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ, მათ შორის რუსული წარმოების რაკეტით ჩამოგდებას. ამის მიზეზი კი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები გახდა, რომელთა ავტორები ამტკიცებდნენ, რომ კატასტროფის ადგილას რაკეტის ნარჩენები იპოვეს.

უკრაინული გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, თეირანში 12 უკრაინული უწყების 45 წარმომადგენელი ჩავიდა. ისინი ირანის ხელისუფლების თანხმობას ელოდებიან, რომ შემთხვევის ადგილას სამუშაოდ გავიდნენ.

ექსპერტები რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ტორ-მ1 ის ნარჩენების მოძებნას აპირებენ, თუმცა მომხდარის სხვა ვერსიებსაც განიხილავენ:

  • შეჯახება უპილოტო საფრენ აპარატთან ან სხვა მფრინავ ობიექტთან;
  • აფეთქება თვითმფრინავში ტერაქტის გამო;
  • ძრავის გათიშვა ტექნიკური პრობლემების გამო.

8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ შორის ირანის — 82, კანადის — 63, უკრაინის — 11, შვეიცარიის — 10, ავღანეთის — 4, გერმანიის — 3 და დიდი ბრიტანეთის — 3 მოქალაქე. უკრაინის 11 მოქალაქეს შორის 2 მგზავრი იყო, 9 კი ეკიპაჟის წევრი.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აფრენიდან თითქმის 2 წუთში რადარებიდან გაქრა. მათივე თქმით, მომხდარის გამო გაურკვეველი დროით ირანში ფრენებს შეწყვეტენ.

კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ბოინგი 2016 წელს გამოშვებულია და ბოლო ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა. მისი თქმით, შემოწმებისას პერსონალს არანაირი ტექნიკური ხარვეზი არ აღმოუჩენია და არც ეკიპაჟს უცნობებია რაიმე სახის პრობლემაზე. მისივე თქმით, ეს ბოინგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მათ შორის, რაც კომპანიას გააჩნდა.

ირანი უარს ამბობს შავი ყუთი უკრაინას გადასცეს, თუმცა დათანხმდა იმას, რომ გამოძიებაში უკრაინელმა ექსპერტებიც ჩაერთონ.