ბოლო თვეებში ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრის გამო უამრავი ადამიანი ცდილობს მძიმე შედეგების გამოსწორებაში თავისი წვლილი შეიტანოს. მათ შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ათასობით მოხალისე გაერთიანდა, რათა დაზარალებულ ცხოველებს სპეციალური ნივთები შეუკერონ ან მოუქსოვონ.

ხანძრის შედეგად ავსტრალიაში მილიონობით ჰექტარი დაიწვა და ნახევარ მილიარდზე მეტი ცხოველი დაიხოცა. ასეთი ფატალური შედეგების გამო უამრავმა ცხოველმა დაკარგა საცხოვრებელი გარემო ან მშობელი და მცირე ასაკში დაობლდა.

ისეთი ჩანთოსნების ნაშიერებს, როგორებიც არიან ოპოსუმები, კოალები და ვომბატები, გასაზრდელად აუცილებლად ესაჭიროებათ ჩანთები, რომლებიც, როგორც წესი, დედას აქვს სხეულზე და რაღაც პერიოდის განმავლობაში სწორედ იქ ატარებენ დიდ დროს.

პლედში გახვეული პატარა კუნგურუ.

ფოტო: Rescue Collective

დედების გარეშე კი მათ ხელოვნური ჩანთების იმედიღა დარჩათ, რომლებიც მოხალისეებმა შექმნეს მათ დასახმარებლად. სხვა ცხოველებსაც, როგორებიც არიან მფრინავი მელიები, გამოსაჯანმრთელებლად ასევე ესაჭიროებათ ჩანთები, ხოლო კიდურებდამწვარ კოალებს კი სპეციალური ხელთათმანები სჭირდებათ.

ავსტრალიურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც ცხოველებს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთებით ეხმარება, ფეისბუქის ჯგუფი შექმნა და ყველას მოუწოდა ცხოველების დასახმარებლად ის გაეღოთ, რაც მათ შეეძლოთ. ჯგუფში სულ რამდნიმე კვირაში 120 000-ზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა და აზიაში, ევროპასა თუ ამერიკაში სპეციალური ნივთების შეგროვება დაიწყეს.

"დახმარება არა მხოლოდ კენგურუებს, არამედ პატარა კოალებს, ღამურებსა და ოპოსუმებსაც სჭირდებათ. ავსტრალიის ყველა ჩანთოსან ცხოველს აუცილებლად ესაჭიროება ჩანთა გასაზრდელად და ამჟამად მათ დიდ ნაწილს აღარ აქვს ის", — განაცხადა მოხალისე მაშველმა, რეიჩელ შარპლესმა.

ოჰაიოში მცხოვრები ჰოლი ვიმაიერი ერთ-ერთი დონორია, ვინც ცხოველების დახმარებას მოხალისეობრივად ცდილობს. შობას მას საკერავი მანქანა აჩუქეს და მალევე სპეციალური პლედების შეკერვა დაიწყო, რომლებშიც დაობლებულ ღამურებს გახვევა შეეძლებათ.

სახლში დამზადებულ პატარა პლედებში გახვეული მფრინავი მელიები.

"მარტოხელა დედა ვარ და ბევრი ფული არ მაქვს, რომლის საქველმოქმედოდ გაცემაც შემიძლია. მაგრამ ვიცი, რომ სხვა საჭიროებაც არსებობს, რომლისთვისაც შემიძლია ვიშრომო. სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ჩემ მიერ შეკერილ ჩანთაში შეიძლება ღამურა ჩაძვრეს და თავი კომფორტულად იგრძნოს", — განაცხადა ჰოლი ვიმაიერმა.

მოხალისეები ცდილობენ, რომ მათ მიერ დამზადებული ჩანთები, ხელთათმანები თუ პლედები დახვეწილი, თბილი და ლამაზიც იყოს, რასაც მოწმობს ზემოთ ხსენებულ სპეციალურ ჯგუფში ერთმანეთისთვის გაზიარებული ფოტოები.

გთავაზობთ ერთ-ერთი დონორის მიერ კოალებისთვის შეკერილ ჩანთისა და ხელთათმანის ფოტოს:

ფოტო: Kylie Forrest / Facebook