ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე "რუსული პოლიტიკის თავიდან აცილებით" ხსნის მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში ანაკლიის კონსორციუმის ჩამოშორებას ეხება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"[ხელისუფლება] ხაზარაძეს იმიტომ დაეტაკა, რომ მან ვერ გააკეთა საგარეო კურსთან დაკავშირებით სწორი ორიენტირი; ან მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს მისი პრობლემაა. მე გეუბნებით, ამ ნარატივში, რომ ბიძინა ივანიშილი არის თუ არა რუსული პროექტი, თუ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვდგავარ იმ მხარეს, ეს არის რუსული პოლიტიკის თავიდან აცილების პოლიტიკა", — თქვა რომან კაკულიამ.

საქართველოს მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებისა შეწყვიტის შესახებ დღეს, 9 იანვარს განაცხადა. მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტასა და პირგასამტეხლოს, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი ხელშეკრულების მიერ გაწერილ პროცედურებს მიჰყვებიან.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ პროექტზე ერთობლივი მუშაობა 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის პორტი 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა გაშლილიყო და 32 ნავმისადგომი უნდა ჰქონოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ კონსორციუმის ვალდებულებების შესრულება არაერთხელ გადაუვადა. ისინი კონსორციუმს ვალდებულებების შეუსრულებდლობაში ადანაშაულებდნენ მაშინ, როცა კონსორციუმი, პირიქით, მთავრობას ადანაშაულებდა ხელშეშლაში.

კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.