9 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა სოჰაირ ვასტავიმ.

"დიდი და ისტორიული ამბავი დოჰადან: დღეს საქართველოსა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელი დოკუმენტს ჩემს კოლეგასთან, სოჰაირ ვასტავისთან ერთად მოვაწერე. ეს ჩვენი პირველი შეთანხმებაა ამ რეგიონის ქვეყნებთან და უამრავ პერსპექტივას გულისხმობს, მათ შორის უახლოეს მომავალში კატარის ბიბლიოთეკის ფანტასტიკურ დარბაზში ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენას.

დიდი მადლობა შესანიშნავად გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს საელჩოს კატარში და ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს", — განაცხადა გიორგი კეკელიძემ.