ვარკეთილში, 24 წლის კაცის წამებით მოკვლასთან დაკავშირებით პროკურატურამ მეორე პირსაც ბრალი წაუყენა და ის დაკავებულია. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ერთ სპეცრაზმელსაც აქვს წარდგენილი, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

უწყების ინფორმაციით, ვ.ბ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და 26 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. აღნიშნული მუხლები გულისხმობს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.

"დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ.წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ.

ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

ბრალდებული ზ. ფ. მის თანმხლებ პირთან ვ.ბ.-სთან ერთად შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას. კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერთად ჯგუფურად, მ.წ.-ს მიაყენეს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მ.ჩ.-მ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი", — წერია პროკურატურის განცხადებაში.

2 იანვარს 24 წლის კაცი ვარკეთილის სასაფლაოზე მოკლეს. როგორც მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა მამაკაცს სცემეს, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, წამების შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში ღია ცის ქვეშ დატოვეს. მომაკვდავი ახალგაზრდა ოჯახმა მომხდარიდან მეორე დღეს იპოვა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.