ორწლიანი დაგვიანების შემდეგ, როგორც იქნა, კომპანია 20th Century Fox-მა The New Mutants-ის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმის პრემიერა ამ წლის ბოლომდე შედგება.

The New Mutants 1982 წელს გამოცემული გრაფიკული რომანის მიხედვით გადაიღეს, რომელიც X-Men-ის სპინოფია და უფრო საშინელებათა ჟანრის კინოსურათს ჰგავს, ვიდრე სუპერგმირების შესახებ მანამდე გადაღებულ ტრადიციულ ფილმებს.

"საშინელებათა ჟანრის თრილერი, რომელიც იზოლირებულ კლინიკაში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა მუტანტებზე ფსიქიატრიულ მონიტორინგს აწარმოებენ" — ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

ფილმში ხუთ მოზარდ მოტანტს ვიხილავთ, რომლებიც უჩვეულო ძალებს ფლობენ. მათ როლებს ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავები, Game of Thrones-ის მსახიობი — მეისი უილიამსი, Stranger Things-ის მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობი სახე — ჩარლი ჰიტონი, Looking for Alaska-ს ვარსკვლავი — ჰენრი ზაგა, გახმაურებულ საშინელებათა ფილმ The Witch-ის ნიჭიერი მსახიობი — ანია ტეილორ-ჯოი და The Originals-ში შესრულებული როლით ცნობილი ბლუ ჰანტი შეასრულებენ.

ფილმი დამწყებმა რეჟისორმა, ჯოშ ბუნმა გადაიღო, რომელმაც მანამდე 2014 წელს მაყურებლებს ჯონ გრინის მსოფლიო ბესტსელერის, The Fault in Our Stars-ის ამავე სახელწოდების მქონე ეკრანიზაციით დაამახსოვრა თავი.

ფილმის გადაღებები 2017 წლის სექტემბერში დასრულდა და მალევე მისი პირველი ტრეილერიც გავრცელდა, თუმცა პრემიერის დაგეგმილი თარიღი — 2018 წლის იანვარი — სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრჯერ გადაიწია. საბოლოოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილმს კინოთეატრებში ამ წლის 3 აპრილს ვიხილავთ.