ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აღიარებს, რომ გუდაური და ბაკურიანი ზამთრის სეზონს მოუმზადებელი შეხვდა. როგორც მინისტრი ამბობს, ზამთრის კურორტებს წელს ახალი აბონენტები დაემატა, რამაც წყალზე მოთხოვნა გაზარდა. მინისტრის თქმით, სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაობით ინფრასტრუქტურა კურორტის განვითარებას "ფეხს აუწყობს".

"გუდაურში წელს გვყავს დაახლოებით 50 ახალი იურიდიული პირი, ახალი აბონენტი,ასევე არის მშენებარე სასტუმროები, რაც მთლიანობაში ზრდის მოხმარებას. ამიტომ, კლიმატური პირობების და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მიმდინარეობს სამუშაოების დაგეგმვა, რათა ინფრასტრუქტურამ ფეხი აუწყოს კურორტის განვითარებას. რაც შეეხება ბაკურიანს, წელს გვყავს 800-მდე ახალი აბონენტი და აქედან ნახევარი იურიდიული პირია. შესაბამისად, ბაკურიანშიც არის დაგეგმილი და მიმდინარეობს წყალგაყვანილობის დამატებითი სამუშაოები, იმისთვის რომ ახალი სეზონისთვის მოვაგვაროთ შესალო პრობლემები," — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბაკურიანსა და გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემა თითქმის ერთი კვირაა მოუგვარებელია. ტურისტული სეზონის პიკში, ბაკურიანში სასტუმროების ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება, ნაწილს კი წყალს სახანძრო მანქანები აწვდის. გუდაურთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებდა, რომ პრობლემა გუდაურში მშრალი კლიმატური პირობების გამო წყლის მარაგის შემცირებამ და სეზონზე გაზრდილი მოხმარების შედეგად წნევის ვარდნამ გამოიწვია.

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა. მეტწილად, სწორედ მასზეა დამოკიდებული ეროვნული ვალუტის სიმყარე და ქვეყნის განვითარება.