24 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებული სპეცრაზმელის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს მომაკვდავი ახალგაზრდა არ მიუტოვებია და "ოჯახურ პირობებში უწევდა დახმარებას".

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ ცემის ნაწილში აღიარებს.

"ეს იყო ორმხრივი ჩხუბი. ვინაიდან ეს პიროვნება მასთან შედარებით ძლიერი აღმოჩნდა, მოჰყვა სავალალო შედეგი. მე მიმაჩნია შეცდომაა, რომ მათ სასწრაფოს მაშინვე არ დაურეკეს. მაგრამ არ მიუტოვებია, წაიყვანა სახლში და ოჯახურ პირობებში უწევდა დახმარებას. ის ითხოვდა, თავის მანქანიდან გადმოეყვანა ეს პირები, რომლებიც სავსებით უკანონოდ დასხდნენ მის მანქანაში და ცდილობდნენ მის წაყვანას. თანმხლები პირი, ალბათ, აბსოლუტურად გაშველებით ოპერაციაში მონაწილეობდა და მხოლოდ ამ ფუნქციით იყო დაკავებული. ვინაიდან მას ბრალი წაყენებული არ აქვს. თუ ჯგუფია, იქ იქნება თავისთავად ჯგუფური დანაშაული, მაგრამ ჯგუფი არ არის", — განაცხადა ადვოკატმა.

2 იანვარს 24 წლის კაცი ვარკეთილის სასაფლაოზე მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე ერთი სპერაზმელია ბრალდებული. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

როგორც მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა მამაკაცს სცემეს, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, წამების შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში ღია ცის ქვეშ დატოვეს. მომაკვდავი ახალგაზრდა ოჯახმა მომხდარიდან მეორე დღეს იპოვა.