როგორც უცხოურ მედიაში წერენ, ცნობილ ინგლისელ მსახიობთან, კრისტიან ბეილთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა მარველის სამყაროს შეუერთდეს და სუპერგმირ თორის სერიის მეოთხე ფილმში მიიღოს მონაწილეობა.

ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი 45 წლის კრისტიან ბეილი თანამედროვე კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მსახიობია, რომელსაც ყველასათვის დასამახსოვრებელი როლები აქვს შესრულებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა American Psycho, The Prestige და Vice.

მსახიობს კარგად იცნობენ კომიქსის სამყაროს მოყვარულებიც: ბეტმენის შესახებ კრისტოფერ ნოლანის მიერ გადაღებულ გახმაურებულ ტრილოგიაში ბრიუს უიენის როლი სწორედ კრისტიან ბეილმა შეასრულა. შესაბამისად, თუ გავრცელებული ცნობები დადასტურდება, 2012 წელს გამოსული The Dark Knight Rises-ის შემდეგ ეს დიდ ფრენჩაიზში მისი პირველი როლი იქნება.

ფოტო: Warner Bros.

თორის სერიის მეოთხე ფილმში, რომლის სახელწოდებაც იქნება Thor: Love and Thunder, ასევე ვიხილავთ ყველასთვის კარგად ნაცნობ მსახიობებს — ნატალი პორტმანსა და კრის ჰემსვორტს.

ფილმს ახალ ზელანდიელი რეჟისორი და მსახიობი, ტაიკა ვაიტიტი გადაიღებს, რომელმაც მანამდე თორის ფრენჩაიზის წინა ფილმი, Thor: Ragnarok გადაიღო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის როლს შეასრულებს მომავალ ფილმში კრისტიან ბეილი, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ის ამჯერად ვილანის სახით მოგვევლინება: Thor: Love and Thunder-ში გამოჩნდება თორის ბიძა, კულ ბორსონი, რომელსაც მარველის კომიქსის მოყვარულები შიშის ღმერთად იცნობენ და მის როლს, ალბათ, სწორედ ბეილი შეასრულებს.

ფილმის გადაღებები წელს უნდა დაიწყოს და მისი პრემიერა 2021 წლის 5 ნოემბერსაა დაგეგმილი.