ბოდბის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა შობის ღამეს ამბიონიდან ქადაგებისას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე ისაუბრა. როგორც მან შემდგომში ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი მართალი რომ ყოფილიყო, პატრიარქიც და ისიც გვერდში დაუდგებოდნენ.

"იმ ადამიანს ჭკუა აქვს, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს?.. ნამდვილად მოსაკითხია აბსოლუტურად, აბა, რა იციან, რა უნდათ, რას იძახიან. ერთი არის, რომ იძახი და მეორეა, რას ამტკიცებ და რას არა. პასუხი უნდა მიიღონ რაც ეკუთვნით, ისე. რჯულის კანონს იძახიან, მიიღებენ რჯულის კანონს. იმ სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ ასე? რა ცოდვამ დააკავშირა მაგენი ერთმანეთთან, მაგასაც გაჩვენებთ... თუ შეიწყალებს პრეზიდენტი, შეიწყალებს, რა... მაგი რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქიც დაუდგებოდა, მეც დავუდგებოდი, იცოდეთ, რა", — განაცხადა მეუფე იაკობმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ მხოლოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა და მათ შორის ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. ზურაბიშვილმა მამალაძის არშეწყალების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი "ვერ გაიგებს და ვერ გაიაზრებს". გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას".

დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდმა თითქმის ორი წლის შემდეგ, ოქტომბერში მიმართა.

გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მის ძმას, თორნიკეს მამალაძეს სექტემბრიდან პარლამენტის წინ კარავი ჰქონდა გაშლილი.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.

ამავე თემაზე: