ჩვენ ყველანი სულმოუთქმელად ველოდებით ხოლმე შობა-ახალი წლის დადგომას; დროს, როცა მთელი ოჯახი ერთი მაგიდის ირგვლივ შევიკრიბებით. სადღესასწაულო ატმოსფერო იმდენად ძლიერია, რომ ცოტა ხნით ყველას გვჯერა შობის სასწაულების და ოცნებების ახდენის. საშობაო ფილმები კი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. ამიტომ თუ თქვენც იმ ადამიანთა რიცხს განეკუთვნებით, რომელსაც შობა საღამოს ეკრანის წინ ცხელი შოკოლადით ხელში მოკალათება და სადღესასწაულო ფილმების ყურება გიყვართ, მარტონი ნამდვილად არ ხართ.

თუმცა საშობაო ფილმები ასეთი პოპულარული მხოლოდ იმიტომ არ არიან, რომ სასიამოვნო განწყობაზე გვაყენებენ. ისინი, ამასთან, იდეალური სამყაროსთვის თვალის შევლების საშუალებასაც გვაძლევენ.

ფილმები როგორც თვითრეფლექსიის საშუალება

კადრი 1946 წლის ფილმიდან, It's a Wonderful Life.

ფოტო: Paramount Pictures

თავის 2016 წლის წიგნში, შობა როგორც რელიგია, თეოლოგი კრისტოფერ დისი აცხადებს, რომ საშობაო ფილმები "იმის ბარომეტრად მუშაობენ, თუ როგორი ცხოვრება გვინდა გვქონდეს და როგორ ვხედავთ და ვაფასებთ საკუთარ თავებს".

საშობაო ფილმები ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა პორტრეტს გვიხატავენ და, ამასთან, ეთიკური და სოციალური ღირებულებების განმტკიცებას ემსახურებიან. მაგალითად, 1946 წლის კლასიკა, It's a Wonderful Life, მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც მოგზაურობაზე ოცნებობს, თუმცა მშობლიური ქალაქიდან ვერაფრით გაუღწევია. ფილმში წარმოჩენილია სოციუმი, რომელშიც თითოეული წევრი ღირებულია და საერთო კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

კიდევ ერთი ფილმი, რომლსაც ამ პერიოდში ხშირად უყურებენ, სტოუნების ოჯახია, რომელშიც აღწერილია რიგითი ოჯახური უთანხმოებები, თუმცა ნაჩვენებია ისიც, რომ საკამათო საკითხების მოგვარება და სრულ იდილიაში ცხოვრებაც შესაძლებელია.

2003 წლის ბრიტანული რომანტიკული კომედია Love Actually კი მოგვითხრობს ლონდონში მცხოვრები რვა წყვილის ურთიერთობის შესახებ და მათ მაგალითზე გვარწმუნებს, რომ თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლიათ.

ფილმების ყურება როგორც რიტუალი

კადრი 1992 წლის ფილმიდან, Home Alone 2: Lost in New York.

ფოტო: 20th Century Fox

საშობაო ფილმები ადამიანებს საშუალებას აძლევს, გადაეშვან გამოგონილ, საოცრებათა ქვეყანაში, რაც მათ საკუთარი შიშებისთვის თვალის გასწორებაში, თვითშეფასების გაუმჯობესებასა და პირად ურთიერთობებში გარკვევაში ეხმარებათ. ამგვარი ფილმები მაყურებელს ამხნევებს, აძლევს გამბედაობას, განაგრძოს პრობლემების დაძლევა და ავსებს იმის იმედით, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება.

მათი ნახვისას შეგვიძლია აღმოვაჩინოთ მსგავსება ჩვენსა და გმირების ცხოვრებას შორის, რაც ყურების პროცესს საოცრად ამსგავსებს რელიგიურ რიტუალს. რიტუალები ისეთი ტიპის ქცევებია, რომლებიც "ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ტრანსფორმაციას ახდენს. მათ რიგით ყოფაში ზერეალობა ან რაიმე სახის ტრასცენდენტული ქმნილება ან ძალა შემოაქვთ", — წერს ანთროპოლოგი ბობი ალექსანდერი თავის წიგნში, რელიგიის ანთროპოლოგია.

მაგალითად, მოწრმუნე ებრაელთათვის შაბათი ისეთი რიტუალებისგან შედგება, როგორებიცაა ოჯახთან პურის გატეხვა და მუშაობაზე უარის თქმა, რაც მათ სამყაროს შექმნასთან აკავშირებთ. ისლამურ, ქრისტიანულ და ებრაულ ტრადიციებში ლოცვის რიტუალი მლოცველებს ღმერთთან და სხვა მორწმუნეებთან უბადებს თანაზიარობის გრძნობას.

საშობაო ფილმებიც რაღაც მსგავსს აკეთებენ, ოღონდ ის "ტრასცენდენტული ძალა" რომელთანაც ისინი მაყურებლებს აკავშირებენ, ღმერთი ან სხვა არაამქვეყნიური არსება არ არის. სანაცვლოდ, ეს ძალა მეტად სეკულარულია და ოჯახის, ჭეშმარიტი სიყვარულის თუ მეგობრობის ღირებულებას განასახიერებს.

ფილმები როგორც იდეალიზებული სამყაროს სურათები

საშობაო კოსტიუმებში გამოწყობილი ვერა-ელენი, დენი კეი, როზმარი კლუნი და ბინგ კროსბი 1954 წლის ფილმის, White Christmas, სცენიდან.

ფოტო: Paramount Pictures / Getty

საახალწლო სასტუმრო 1942 წელს გადაღებული მიუზიკლია, რომელშიც შობა სიუჟეტური განვითარებისთვის ერთგვარ ფონს ქმნის. მასში გადმოცემულია ერთი სოფლის სასტუმროში შეკრებილი არტისტების ისტორია. ფილმი სეკულარული ხასიათისაა და რომანტიკულ ურთიერთობებსა და დროის ხალისიანად ტარებაზე კონცენტრირდება. იგი აშშ-ის მეორე მსოფლიო ომში ჩაბმიდან ერთი წლის თავზე გამოვიდა, როცა ქვეყანაში საახალწლო განწყობა სულაც არ სუფევდა.

მართალია, ფილმმა დროის გამოცდას ვერ გაუძლო, თუმცა მისი საუნდტრეკი, ბინგ კროსბის სიმღერა, თეთრი შობა, ამერიკელებისთვის საშობაო განწყობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ისტორიკოსი პენე რესტადი თავის წიგნში, შობა ამერიკაში, კროსბის სიმღერაზე წერს, რომ იგი გვიხატავს "სამყაროს, რომელსაც არ აქვს ბნელი მხარე" და მასში "ომი დავიწყებულია".

ფილმებს, როგორებიცაა საშობაო საჩუქარი, მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია და როგორ მოიპარა გრინჩმა შობა, აერთიანებთ მთავარი იდეა, რომ შობის არსი კონსუმერიზმში კი არა, სიკეთის კეთებასა და ოჯახის სიყვარულში მდგომარეობს. მაგალითად, დოქტორ სიუზის ბუზღუნა გრინჩის აზრით, საჩუქრების მოპარვით იგი შეძლებს, ყველას წაართვას შობა. ხალხი კი ერთად მაინც იკრიბება და ხელიხელჩაკიდებული მღერის. ამ დროს მთხრობელი მაყურებელს მიმართავს სიტყვებით, რომ "შობა მაინც დადგა", რადგან ეს დღესასწაული მხოლოდ საჩუქრებით არ შემოიფარგლება.

ბედნიერი დასასრული

კადრი 1983 წლის ფილმიდან, A Christmas Story.

ფოტო: MGM

შობა რელიგიური დღესასწაული კია, თუმცა საშობაო ფილმები იშვიათად თუა რელიგიური ხასიათის. მათში ათასში ერთხელ თუ ახსენებენ იესოს ან მისი დაბადების ბიბლიურ დეტალებს. როგორც მედიის მკვლევარმა ჯონ მანდიმ აღნიშნა თავის ნაშრომში, შობა, იდეოლოგია და პოპულარული კულტურა, "ჰოლივუდის ფილმები შობას როგორც ალტერნატიულ რეალობას, ისე წარმოაჩენენ". ეს სამყარო მაყურებელში ღიმილსა და სასიამოვნო, დადებით ემოციებს იწვევს.

1983 წლის საშობაო ისტორია იმ პერიოდის დღესასწაულების ნოსტალგიას აღვიძებს, როცა ბავშვები ვიყავით და ცხოვრებაც გაცილებით მარტივი იყო. ფილმის ბოლოს, ყველა სირთულის გადალახვის შემდეგ, ოჯახის წევრები საშობაო საჩუქრებს რომ გახსნიან და მაგიდის ირგვლივ შეიკრიბებიან, ეკრანიდან ხმა გვეუბნება, რომ არსებობს დროები, როცა "სამყაროში ყველაფერი კარგადაა".