პროკურატურის ინფორმაციით კონფლიქტი, რომელიც 24 წლის სიკვდილით დასრულდა, ავტომობილის გამო დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გარდაცვლილი ერთ-ერთი ბრალდებულისთვის მანქანის წართმევას ცდილობდა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ.-ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ჩ რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ. ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სატრანსპორტო საშუალების ქურდობის მუხლითაც მიმდინარეობას.

"დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს პროკურატურაში გრძელდება მტკიცებულებათა მოპოვება და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 - ე მუხლის მეორე ნაწილით, 117- ე მუხლის მე-6 ნაწილით, 126 - ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143- ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მთავარი არხის ინფორმაციით, 2 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა 24 წლის კაცი ვარკეთილის სასაფლაოზე წამებით მოკლეს. როგორც არხთან მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა მამაკაცს სცემეს, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, წამების შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში ღია ცის ქვეშ დატოვეს. მომაკვდავი ახალგაზრდა ოჯახმა მომხდარიდან მეორე დღეს იპოვა.