ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო თანამედროვეობის უდიდესი ვარსკვლავები არიან, თუმცა 2019 წლამდე მათ გვერდიგვერდ არასდროს უთამაშიათ. ახლა, როცა Once Upon a Time in Hollywood კრიტიკოსებმაც და მაყურებლებმაც დადებითად შეაფასეს, ლეონარდო დიკაპრიო იხსენებს, როგორი იყო პიტთან ერთად მუშაობა.

Deadline-თან ინტერვიუში მსახიობმა ვრცლად ისაუბრა ტარანტინოს ფილმზე, საკუთარ როლზე და ბრედ პიტზე, რომელიც ფილმში მის კასკადიორს, კლიფს თამაშობს.

"რაც ყველაზე საინტერესო იყო ბრედთან ერთად მუშაობაში, არის შინაგანი სიმშვიდე და ის ფაქტი, რომ პირველივე დღეს ძალიან მარტივად დავსინქრონდით. ბევრი მომზადება არ დაგვჭირვებია. სცენარზე ვილაპარაკეთ და ინსტიქტურად ვიცოდით, როგორი დინამიკა ექნებოდა ჩვენს ურთიერთობას, ვინ იყვნენ ჩვენი გმირები ერთმანეთისათვის. ორივე ვყოფილვართ მსგავს სიტუაციებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი პერსონაჟები, რიკი და კლიფი თავ-თავის გზას მიჰყვებიან, საკუთარ ისტორიებს ავითარებენ და რაღაც დროს ისევ იკვეთებიან"

დიკაპრიოს თქმით, ბრედი არაჩვეულებრივი მსახიობია და გადასაღებ მოედანზე მასთან ერთად იმპროვიზაცია სასიამოვნო იყო.

ფოტო: Sony Entertainments

"არც ერთს არ გვქონია ის განცდა, რომ... მის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისიც ამავე აზრზეა. არც ერთს არ გვქონია ის განცდა, რომ "მოდი, მე შენ დაგჩრდილავ". ვფიქრობდით, როგორ აგვეწყო რეალისტური დინამიკა, რადგან ფილმში დამოუკიდებელი ხაზები გვაქვს. დაახლოებით ასე ვმუშაობდით: ჯერ მე ვმონაწილეობდი ცალკე ფილმში, მერე ბრედი - აბსოლუტურად სხვა ფილმში, მერე კი კვირების შემდეგ ვხვდებოდით და ერთმანეთს ვუყვებოდით, რა ეტაპზე ვიყავით, რომ საერთო სცენა გადაგვეღო. ამის შემდეგ ისევ გრძელდებოდა ორ სხვადასხვა ფილმზე მუშაობა. შეიძლება ეკრანზე ეს არ აღიქმებოდეს, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. თვეების განმავლობაში ვიღებდით ჩემს სცენებს და თვეების განმავლობაში იღებდა ბრედი თავის სცენებს".

"მე გადავწყვიტე, რომ ვყოფილიყავი ადამიანი, რომელსაც სასმელთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და სრულად აცნობიერებს იმას, რომ მოკვდავია და ყველაფერი შეიძლება გაქრეს. ვხედავდი, რომ რიკს არ შეუძლია, ახალ ეტაპზე გადავიდეს და ამიტომაცაა ასე დამოკიდებული საკუთარ კასკადიორზე - ეს მის ცხოვრებაში ერთადერთი უცვლელი რამაა. როცა ბრედი ამბობს "ნუ დაგავიწყდება, შენ რიკ დალტონი ხარ", ეს იყო მომენტი, როცა მივხვდი, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონოდა ეკრანზე. ის უბრალოდ ასისტენტი არაა, არც მხოლოდ თანამგზავრი ან მცველი. ის ფაქტობრივად ჩემი ფსიქოთერაპევტია ინდუსტრიაში ამ რთული გზის გავლისას".

დიკაპრიოს საქებარი სიტყვები არ დაუშურებია:

"აღფთოვანებული ვარ იმით, როგორ შეუძლია ბრედ პიტს, ისეთივე შთამბეჭდავი იყოს ეკრანზე, როგორიც ალენ დელონი ან სტივ მაკქუინი იყო. საოცარი სანახაობაა. ის, რაც ამ პერსონაჟისგან ბრედ პიტმა შექმნა, მართლა წარმოუდგენელია. გადასაღებ მოედანზე ცოტა სხვანაირად ვხედავდი ყველაფერს, მაგრამ ფილმის პირველად ყურებისას ერთადერთი ემოცია მქონდა: WOW".

რაკი ტარანტინოც კმაყოფილია ამ კოლაბორაციით, შესაძლოა, ეს ორი ვარსკვლავი გვერდიგვერდ კიდევ ვიხილოთ, მანამდე კი შეგვიძლია იმ ფაქტით დავტკბეთ, რომ ბრედ პიტმა და ლეონარდო დიკაპრიომ ერთად ჰოლივუდის ახალი ისტორია დაწერეს.