მთავარი არხის ინფორმაციით, 2 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა 24 წლის კაცი ვარკეთილის სასაფლაოზე წამებით მოკლეს. როგორც არხთან მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა მამაკაცს სცემეს, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, წამების შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში ღია ცის ქვეშ დატოვეს. მომაკვდავი ახალგაზრდა ოჯახმა მომხდარიდან მეორე დღეს იპოვა.

მოკლულის ძმის თქმით, შემთხვევის დროს ძმასთან ერთად თავადაც იმყოფებოდა და დაზიანებები მასაც მიაყენეს, თუმცა ადგილიდან გაქცევა მოასწრო. მისივე ინფორმაციით, ინციდენტში ორი სპეცრაზმელი მონაწილეობდა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი და საქმე პროკურატურას გადაეცა. უწყებაში არ ადასტურებენ არის თუ არა დაკავებული სპეცრაზმელი. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 126 -ე პირველი პრიმა მუხლის "გ" ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ცემასა და ძალადობას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით სიცოცხლის მოსპობასა და ადამინის მოტაცებას გულისხმობს.