ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთში გაემგზავრება და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. კრემლის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტი 11 იანვარს გაიმართება.

"მოლაპარაკებების ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური თემების განხილვა, მათ შორის სირიასა და ლიბიაში არსებული ვითარების, ასევე, ბაღდადის აეროპორტზე ავიადარტყმის შედეგად ახლო აღმოსავლეთში წარმოქმნილი დაძაბულობის ესკალაციის განხილვა", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უკრაინის საკითხიც იქნება.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, აშშ-მ ბაღდადის აეროპორტზე საჰაერო შეტევის დროს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ქუდსის ძალების" ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლა.

ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მომხდარზე თქვა, რომ "სასტიკი შურისძიება ელით მათ, ვინც ამ კრიმინალის უკან დგას". მან ირანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

გენერალი სულეიმანი ირანის რეჟიმის მთავარი ფიგურა იყო. მის "ქუდსის ძალებს" აშშ ტერორისტებად მოიაზრებდა, რომელებიც ასობით ამერიკელის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

ამავე თემაზე: