ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პრეზიდენტის მიერ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტის მიერ უარის დასაბუთება "ამოვარდნილია" შეწყალების კონცეფციიდან და მიზნებიდან. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეწყალების მექანიზმის მიმართ ჰუმანურ მოლოდინებს ამძიმებს და ის პრეზიდენტის ხელში თვითნებური პოლიტიკური ბერკეტი უფრო ჩანს, ვიდრე ადამიანის უფლებების და ჰუმანიზმის დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმი.

"ამ საქმეზე და მის პოლიტიკურ და საეკლესიო კონტექსტზე ღია დისკუსიები როგორც ჩანს საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო და ამდენად შეწყალების შესახებ სინოდის შუამდგომლობა უფრო ტაქტიკური ნაბიჯი იყო.

2020 წლის 6 იანვარს წინასაშობაოდ პრეზიდენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დეკანოზის შეწყალებაზე უარის შესახებ, ეს ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მუდმივად არღვევს სეკულარულ მიდგომებს და თავად პრეზიდენტი საპატრიარქოს და პატრიარქის მიმართ ღია და პრობლემურ ლოიალობას ავლენს, ცხადია, იმის განცდა, რომ ამ საქმეზე პრეზიდენტი საპატრიარქოსგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ არსებობს. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ შეწაყლებაზე პრეზიდენტის უარის დასაბუთება მკვეთრად პრობლემურ მიდგომებს და ახსნას შეიცავს. მისი დასაბუთება ამოვარდნილია შეწყალების კონცეფციიდან და მიზნებიდან. არც ერთი კომენტარი პრეზიდენტს არ გაუკეთებია სასულიერო პირის მძიმე ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის, საპატიმრო პიროიბებში სასჯელის მოხდის სირთულეების და ასევე, ამ საქმეზე მართლმსაჯულების ხარვეზების შესახებ",— ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 6 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმეთვიანი მორატორიუმის შემდეგ პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. თუმცა, საპატრიარქოს შუამდგომლობის მიუხედავად, შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.