ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქო მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის იდეას. თუმცა, მისივე განმარტებით, კონსტანტინეპოლის მიერ გამოქვეყნებული ტომოსის მიხედვით უკრაინის ეკლესია დამოუკიდებელი არ გამოდის.

"ავტოკეფალია უნდა მიანიჭოს ან დედა ეკლესიამ, რუსეთის ეკლესიამ ან მსოფლიოს საპატრიარქომ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიო საპატრიარქომ. ჩვენ რომ გვცოდნოდა რა ეწერა ტომოსში, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდებოდით. ამ ტომოსში წერია, რომ უკრაინის ეკლესია არ არის ავტოკეფალური. ამის სამი მიზეზია. პირველი — როგორც კი მიენიჭა ტომოსით ეს უფლება, უკრაინის ეკლესიას ჩამოერთვა უფლება, რომ იზრუნოს უკრაინის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინელებზე. მეორე — მირონის ხარშვის უფლება ჩამოერთვა, კონსტანტინეპოლიდან უნდა წაიღონ მირონი და თუ კონსატინეპოლი მირონს არ მისცემს, ეკლესიის მოქმედება საერთოდ შეჩერდება. მესამე — როგორც კი უკრაინის ეკლესიაში მოხდება რაღაც შფოთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ეკლესია არ არის ავტოკეფალური და დამოუკიდებელი. მნიშვნელოვანია კიდევ, რომ ამ გადაწყვეტილებით კონსტანტინეპოლის პატრიარქი ყველასგან და მათ შორი ჩვენგანაც , ტომოსის გამოქვეყნებამდე წერილი მოგვწერა, ითხოვს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას. ჩვენ ამაზე როგორ დავთანხმდეთ?", — განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველის ეთერში.