საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეწყალა. მან გადაწყვეტიბის ასახსნელად რამდენიმე გარემოება მოიშველია. როგორც მისი განცხადებიდან გაირკვა, მან გაითვალისწინა საზოგადოების მოსალოდნელი განწყობები და საქმის პოლიტიზირება.

გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან ამონარიდს, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეეხება.

"რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეს, აქაც მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, - რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირება.

სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამ, მით უმეტეს მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწვევს მძაფრ რეაქციებს; პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ წინასწარ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, - ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას მოითხოვს.

თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას.

ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება ეფუძნება, ასევე, საზოგადოებრივ სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. დღეს ჩვენი დაყოფა, დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სახელმწიფოს მომავალს.

შემდეგი არგუმენტი ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას ეფუძნება. ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან - ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას. ამდენად, მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია.

დაბოლოს, ჩემი, როგორც პირადი, ისე - როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ - პიროვნებისა, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინებისა და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ, როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა. სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა.

ალბათ, იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა. ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას.

მსოფლიო მაგალითებიც კარგად გვიჩვენებს ამ განსხვავებას: იოანე პავლე მეორემ მასზე თავდამსხმელს სულ რამდენიმე თვეში აპატია დანაშაული, თუმცა იგი ციხიდან, პრეზიდენტის შეწყალებით, მხოლოდ 19 წლის შემდეგ გაათავისუფლეს".