ტარანტინოს ბოლო ფილმში განსახიერებული კლიფ ბუთის როლისთვის ბრედ პიტმა ოქროს გლობუსის 77-ე ცერემონიიდან შინ ჯილდო წაიღო. Once Upon a Time in Hollywood-ის ვარსკვლავმა კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა.

სცენაზე ასულმა პიტმა ემოციური სიტყვა ნომინაციაში კონკურენტებზე საუბრით დაიწყო:

"როდესაც კარიერას ვიწყებდი, თქვენ მიერ დასახელებული ეს ვარსკვლავები, ალ პაჩინო, ჯო პეში, ტომ ჰენკსი, ენტონი ჰოპკინსი, ჩემთვის ღმერთები იყვნენ. ეს ჩემთვის დიდი პატივია. გიზიარებთ ჩემს პატივისცემას".

ამის შემდეგ მან მადლობა გადაუხადა "მითიურ, ლეგენდარულ კაცს", ფილმის სცენარისტსა და რეჟისორს კვენტინ ტარანტინოს, თუმცა "დანაშაულში პარტნიორი" ლეონარდო დიკაპრიოც არ დაუტოვებია უყურადღებოდ:

"Revenant-მდე ყოველწლიურად ვუყურებდი როგორ იღებდნენ [ოსკარის] ჯილდოს სხვა მსახიობები. ისინი ფეხზე დგებოდნენ და მას მადლობას უხდიდნენ, და მე ვიცი რატომაც: ის მთლიანად ვარსკვლავია, კარგი ადამიანია. აქ შენს გარეშე ვერ ვიქნებოდი, მადლობას გიხდი, მეგობარო. და რომ იცოდე, იმ ტივზე ადგილს გაგინაწილებდი".

კი, მან ფილმ ტიტანიკიდან კეიტ უინსლეტის და დიკაპრიოს გმირების, როუზისა და ჯეკის ბოლო სცენა გაიხსენა, როდესაც ტივზე მხოლოდ როუზი რჩება. 1997 წლის გამოსვლის შემდეგ, უამრავი ადამიანი განიხილავს, დაეტეოდა თუ არა ორივე გმირი ტივზე და გადარჩებოდა თუ არა დიკაპრიოს გმირი ამ შემთხვევაში.

ნახეთ სრული სამადლობელი სიტყვა და დიკაპრიოს რეაქცია პიტის სიტყვებზე:

ეს ბრედ პიტისთვის მეორე ოქროს გლობუსია. პირველი მან 1996 წელს აიღო ფილმისთვის 12 მაიმუნი.