სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ოქროს გლობუსის რიგით 77-ე დაჯილდოება ლოს-ანჯელესში, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში. მისი წამყვანი წელს მეხუთედ იყო ცნობილი ინგლისელი კომიკოსი, მსახიობი და მწერალი, რიკი ჯერვეისი. მან თავის სიტყვაში დარბაზში მყოფი უკლებლივ ყველა ცნობილი ადამიანი დაუნდობლად გააკრიტიკა.

მონოლოგის დასაწყისში ჯერვეისმა აღნიშნა, რომ ბოლოჯერ იყო დაჯილდოების წამყვანი, ასე რომ, არ ანაღვლებდა ვის გაანაწყენებდა თავისი სიტყვებით.

ჯერვეისმა ლეონარდო დიკაპრიოს დასცინა მისი ასაკისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა შეყვარებულების გამო, რასაც თავად ლეოც სიცილით შეხვდა. ამის შემდეგ კი #MeToo მოძრაობაც გაიხსენა:

"ამ დარბაზში უამრავი გავლენიანი კაცია, რომელსაც ალბათ საშინლად ეშინია რონან ფეროუსი [The New York Times-ის ჟურნალისტი, რომელმაც ჰოლივუდში არსებულ სექსუალურ შევიწროებაზე სტატიები მოამზადა]. ის თქვენკენ მოემართება".

ამის შემდეგ, პირველი მწარე შენიშვნა Apple-ის გენერალურ დირექტორს, ტიმ კუკს ეკუთვნოდა, რომელიც ჯერვეისის სიტყვის დროს არც ისე მშვიდად გამოიყურებოდა.

"ეფლი სატელევიზიო თამაშში The Morning Show-თი "შემოვარდა". საოცარი დრამა სწორად მოქცევის მნიშვნელობას გვიჩვენებს, თუმცა ის გადაიღო კომპანიამ, რომელსაც ჩინეთის ქარხნებში მძიმე სამუშაო პირობები აქვს", — თქვა ჯერვეისმა.

და თუ ეს საჯარო კრიტიკა მეტისმეტად რთული ასატანი გგონიათ დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიის დაწყებამდე, იცოდეთ, რომ ტიმ კუკზე უარესი რეჟისორებს, მსახიობებსა და მწერლებს ელოდათ წინ.

სწორედ მათზე და სტრიმინგ სერვისებზე გადაიტანა მთელი ყურადღება კომიკოსმა ეფლის კრიტიკის შემდეგ:

"აბა, ამბობთ რომ თანამედროვე, გულწრფელი მებრძოლები ხართ, მაგრამ ის კომპანიები, რომლებისთვისაც მუშაობთ, დაუჯერებლები არიან. Apple, Amazon, Disney... შემთხვევით ISIS-ს რომ სტრიმინგ სერვისი გაეხსნა, ალბათ საკუთარ აგენტებს დაურეკავდით. ასე არაა?"

ჯერვეისის ამ სიტყვებს აუდიტორია ნერვიული სიცილით შეხვდა, თუმცა წამყვანისთვის ამას ხელი არ შეუშლია აუტანელი კრიტიკა და დაცინვა გაეგრძელებინა:

"ასე რომ, თუ დღეს ჯილდოს მოიგებთ, ეს პლატფორმა პოლიტიკური გზავნილებისთვის არ გამოიყენოთ, კარგი? იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ ხალხს ლექცია ჩაუტაროთ რამეზე. არაფერი იცით რეალური სამყაროს შესახებ. სკოლაში ბევრმა თქვენგანმა უფრო ნაკლები დრო გაატარა, ვიდრე გრეტა თუნბერგმა".

ჯერვეისი საბოლოო სიტყვებს ამბობდა, როდესაც მას მიკროფონი გამოურთეს:

"ასე რომ, თუ მოიგებთ, ამოდით, მიიღეთ თქვენი პატარა ჯილდო, მადლობა გადაუხადეთ თქვენს აგენტს, ღმერთს და გააჯვით".

კამერამ კი სასტიკი მონოლოგის დასასრულს კეთილი და ყველასთვის საყვარელი ტომ ჰენკსის რეაქცია გვიჩვენა, რომელიც წამყვანის სიტყვებს ამ სახით პასუხობდა:

საბოლოოდ ტომს ალბათ გაახსენდა, რომ წინ უფასო და გემრიელი შამპანური ედგა, რომელიც ჯერვეისის საშინელ სიტყვებს მარტივად დაავიწყებდა.

ჯერვაისის სრული მონოლოგის ნახვა ამ ვიდეოში შეგიძლიათ: