დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულს ამჯერადაც არ, ან ვერ შეიწყალებს. მისი თქმით, შეწყალების შემთხვევაში ბევრ ისეთ კითხვას გაეცემა პასუხი, რაც გარკვეულ პირებს არ აწყობთ.

"მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არ შეიწყალებს, ვერ შეიწყალებს მამა გიორგი მამალაძეს იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, როცა დეკანოზი იქნება თავისუფლებაზე საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვები აქვს და ეს კითხვები პასუხგასაცემი იქნება. შესაბამისად, ეს არ აწყობს როგორც საპატრიარქოში მყოფ გარკვეულ სასულიერო, საერო პირებს, ასევე, გარკვეული თანამდებობის პირებსაც", — თქვა მიხეილ რამიშვილმა TV პირველთან საუბრისას.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეზე ბევრი სასულიერო თუ საერო პირია დასახელებული, რაზეც არანაირი რეაგირება არ მომხდარა არასდროს. მისი თქმით, ეს მიზანმიმართულია, რათა გიორგი მამალაძეს სიმართლეზე ლაპარაკის საშუალება არ მიეცეს.

სინოდმა თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ოქტომბერში გიორგი მამალაძის შეწყალებაზე შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა არ შეიწყალა. რამდენიმე თვით ადრე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულები. ამის შემდეგ პრეზიდენტმა შეწყალების მექანიზმის დახვეწის ინიციატივა გამოთქვა და 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.

თითქმის ოთხთვიანი მორატორიუმის შემდეგ, დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულებს საშობაოდ შეიწყალებს.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.